დეველოპერებმა ცეცხლში მფრინავი დრონი შექმნეს
დეველოპერებმა შექმნეს დრონი, რომელსაც ცეცხლში ფრენა შეუძლია. მოწყობილობით შესაძლებელია პირთა იდენტიფიცირება, რომლებიც ცეცხლწაკიდებულ შენობაში ან ტყის ხანძარში არიან ჩარჩენილი.
პროტოტიპი, სახელწოდებით FireDrone, შთაგონებულია 2017 წელს ლონდონის Grenfell Tower-ის ხანძრის შედეგად, რომელსაც 72 ადამიანი ემსხვერპლა.
"მე ვცხოვრობდი კოშკთან ახლოს და როდესაც სამუშაოდ მივდიოდი, ყოველდღე მიწევდა ამ შენობასთან გავლა. ხანძრის ყურება შოკისმომგვრელი იყო. ხალხი მეკითხებოდა, მაქვს თუ არა დრონი, რომელსაც შეეძლო შიგნით ფრენა. მაშინ მე არ მქონდა ეს დრონი“ - განუცხადა Reuters-ს ლონდონის იმპერიული კოლეჯის საჰაერო რობოტიკის ლაბორატორიის დირექტორმა, პროფესორმა მირკო კოვაჩმა.
ამ მოვლენის შემდეგ მისმა გუნდმა FireDrone შეიმუშავა, რომელსაც შეუძლია ცეცხლში ფრენა, რათა შეაფასოს საფრთხეები და საფრთხის ზონებიდან მონაცემებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს, სწორი რეაგირებისთვის.
"თუ ხანძარია, საკითხავია, არის თუ არა ვინმე შიგნით? როგორ გამოიყურება შიდა სტრუქტურა? სად არის ცეცხლის წყაროები, როგორ გამოიყურება სითბოს განაწილება გარემოში - ეს არის ის, რაც ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ სახანძრო დრონით. მას აქვს თერმული და RGB კამერა, ასევე შეიძლება დაემატოს სხვადასხვა ხელსაწყოები - როგორიცაა ჟანგბადის და გაზის სენსორები, ტოქსიკურობის სენსორები და ა.შ. ”- ამბობს კოვაჩი.
ბაზარზე არსებულ დრონებს მეხანძრეები უკვე იყენებენ საჰაერო კადრების გადასაღებად, ხანძარსაწინააღმდეგო შლანგების ასაწევად მაღალ შენობებზე ან შორეულ რაიონებში ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების გადასაცემად, რათა ტყის ხანძრის გავრცელება შეანელონ.
თუმცა, ხანძრის ჩაქრობისთვის შემუშავებული ამჟამინდელი დრონები ვერ ახერხებენ უფრო ახლოს ფრენას - მათი ჩარჩოები დნება და ელექტრონიკა ფუჭდება.
„ჩვენ ვიყენებთ აეროგელს - ეს არის პოლიმიდური აეროგელი, რომელიც ძალიან მსუბუქია და ძალიან მაღალი ტემპერატურისადმი მდგრადი. მასზე სითბოს გადაცემის კოეფიციენტი ძალიან დაბალია, ასე რომ, ეს მასალა ძალიან კარგი დამცავია“ - განმარტავს კოვაჩი.
აეროგელი დრონის ყველა არსებით ელემენტს ფარავს, მათ შორის ძრავებსაც, რომლებიც საიზოლაციო კორპუსის შიგნით არის მოთავსებული.
გუნდი ამბობს, რომ ამჟამად ინდუსტრიულ დაინტერესებულ მხარეებთან და პარტნიორებთან მუშაობენ. შემუშავდება FireDrone-ების წინასწარი განთავსდების სისტემა ისეთი სიტუაციებისთვის, სადაც შეიძლება საჭირო გახდეს ხანძრის საწინააღმდეგოდ სწრაფი რეაგირება, მათ შორის სამრეწველო ობიექტებში და ქარხნებში.