მსოფლიო
15/02/2023

ჩინეთის ეკონომიკის აღდგენა ნავთობზე მოთხოვნას დღეში 1 მლნ ბარელით გაზრდის

OPEC-ის პროგნოზით, წელს ნავთობზე მოთხოვნა პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბებს და რეკორდულ ნიშნულამდე გაიზრდება. მოთხოვნის ზრდა ჩინეთის ეკონომიკის აღდგენითა და კოვიდრეგულაციების გაუქმებით იქნება გამოწვეული.

გასულ კვირაში ნავთობის ფასის მერყეობა შეინიშნებოდა მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Galt & Taggart-ის ასოცირებულმა ბროკერმა გიორგი ბერბერაშვილმა განუცხდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ამ პროცესებზე გავლენა იქონია, ამერიკის ფედერალური ბანკის გადაწყვეტილება იყო, მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრების თაობაზე. ეს ვითარება კი, მოსალოდნელია, რომ აისახება სამომხმარებლო კალათაზე და ნავთობის ფასებზეც.

„ორი განსხვავებული ფაქტორი და მოლოდინი არსებობს. ერთი ეს არის რეცესიის შიში და შესაძლოა, მოთხოვნა ისეთი აღარ იყოს როგორიც გასულ წლებში. მეორე ფაქტორი კი არის ჩინეთი, რომელსაც ჯერ არ აღუდგენია კოვიდამდე არსებული მოხმარების ტემპი და ჩვენი გათვლებით ეს არის დღეში 1 მლნ ბარელის დანაკლისი, რაც ნულოვანი კოვიდ პოლიტიკის გამო შეექმნათ. თუკი ჩინეთის ეკონომიკა სრულად აღდგება, მოსალოდნელია ფასებზე მნიშვნელოვანი ზეწოლა“ - აცხადებს გიორგი ბერბერაშვილი.

მეორე მხრივ, რუსეთმა განაცხადა, რომ ამცირებს ყოველდღიურ მოპოვებას 500 ათასი ბარელით, რამაც გასულ კვირაში 2.5-3%-ით გაზარდა ფასები ნავთობზე.

თუკი OPEC-მა მიწოდება უცვლელად დატოვა, ნავარაუდებია, რომ წლის მეორე ნახევარში ბარელი Brent-ის ფასი 100-დოლარიან ნიშნულს მიაღწევს და შესაძლოა ამ ზღვარს გადააჭარბოს კიდეც.

Businesspartner