ჩინეთი დასაქმების ბაზარზე ბრუნდება
ჩინეთი დასაქმების ბაზარზე ბრუნდება. COVID-19-ის სამწლიანი ჩაკეტვის შემდეგ, ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით ასობით დასაქმების ფორუმის გამართვის შესახებ გამოაცხადა.
პანდემიამ ჩინეთი აიძულა ონლაინ რეჟიმში ემუშავა. თუმცა, ის სექტორები, რომლებზეც საგარეო მოთხოვნის შესუსტებამ იმოქმედა, მწირი ვაკანსიებითა და დაბალი ანაზღაურებით გამოირჩეოდა.
„როიტერსის“ ცნობით, გამოცხადებული ვაკანსიები და დასაქმების ფორუმები მიუთეთებს იმაზე, რომ ჩინეთი უბრუნდება კოვიდამდელ ცხოვრებას. მოსალოდნელია, რომ ახალგაზრდების უმუშევრობა - რომელიც პეკინისთვის მთავარი გამოწვევაა - 20%-ით შემსუბუქდება.
ქვეყანაში, სადაც 1,4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა დამსაქმებლებისა და სამუშაო ძალის დასაკავშირებლად, სწორედ დასაქმების ფორუმებია.
Jones Lang Lasalle-ის მთავარი ეკონომისტი ბრიუს ვანგი მოელის, რომ მომსახურების და წარმოების სექტორები წელს სწრაფი ზრდით გამოირჩევიან, თუმცა, საერთო დასაქმების დონე ჯერ კიდევ დაბალი რჩება.
„უახლესი მონაცემებით, მომსახურების სექტორები უფრო მძლავრად გაიზრდება, ვიდრე წარმოების სექტორი. მთავარი მიზეზი ის არის, რომ პანდემიის დროს, ყველაზე მეტად, სწორედ, მომსახურების სექტორი დაზარალდა“ - აცხადებს ეკონომისტი.