მსოფლიო
23/08/2023

BRICS-ის ქვეყნები დასავლეთთან კონკურენციას გეგმავენ და გაფართოების საკითხს განიხილავენ

BRICS-ის ქვეყნები (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა) ბლოკში ახალი წევრების მიღების წესებს სპეციალურ სამიტზე განიხილავენ.

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის ამბიცია "გლობალური სამხრეთის" შექმნა და მსოფლიო საქმეებში მეტი გავლენებია, განვითარებადი ქვეყნების ბლოკში ახალი წევრების მიღების საკითხი განხეთქილების საგანია.

ჩინეთი და რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამენ BRICS-ის ზრდაზე. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მხარეებს გაფართოების დაჩქარებისკენ მოუწოდებს. სამიტზე სიტყვით გამოსვლისას მან თქვა, რომ მოხარულია, რადგან განვითარებადმა ქვეყნებმა დიდი ენთუზიაზმი გამოიჩინეს BRICS-ში მონაწილეობით და ბევრმა მათგანმა გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამიტს ვირტუალურად ესწრება. ვიდეოჩართვაში მან განაცხადა, რომ ბლოკი მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობის მისწრაფებების დაკმაყოფილების მიმართულებით მიდის.

„BRICS-ის გაძლიერება წარმოადგენს რუსეთის ხედვის ნაწილს, შეარყიოს აშშ-ს დომინირება და ააშენოს მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგი“ - თქვა პუტინმა.

აღსანიშნავია, რომ პუტინი სამიტს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) მიერ გამოცემული დაპატიმრების ორდერის გამო პირადად ვერ ესწრება. ICC-მ ორდერი მარტში გამოსცა, რომლითაც პუტინის მიერ უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებებზე მიუთითებს.

თუმცა, საკითხზე სამიტის პირველივე დღეს იჩინა თავი უთანხმოებამ, რაც ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ გააჟღერა. მან თქვა, რომ დაჯგუფება არ უნდა ცდილობდეს კონკურენციას გაუწიოს შეერთებულ შტატებსა და შვიდეულის უმდიდრეს ეკონომიკებს.

ბრაზილია შეშფოთებულია, რომ BRICS-ის გაფართოება შეამცირებს მის გავლენას, თუმცა ამავდროულად, სურს, რომ მეზობელი არგენტინა ბლოკს შეუერთდეს.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ კი აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს ბლოკის გაფართოებას, იმ პირობით, რომ მკაფიო წესები დადგინდება იმაზე - თუ ვინ და როგორ შეძლებს ბლოკთან შეერთებას.

გარდა გაფართოების საკითხისა (რომელის მიმართაც 40-ზე მეტმა ქვეყანამ გამოხატა ინტერესი), სამიტის დღის წესრიგშია წევრი ქვეყნების ადგილობრივი ვალუტების ვაჭრობისა და ფინანსური ტრანზაქციების გაძლიერება და ერთობლივი ვალუტის შექმნა აშშ დოლარზე დამოკიდებულების შესამცირებლად.

სამიტი 22-24 აგვისტოს განმავლობაში, სამხრეთ აფრიკის კომერციულ დედაქალაქ იოჰანესბურგში მიმდინარეობს. ბლოკს სურს, რომ გაერთიანება დასავლეთის ერთგვარ კონკურენტად ჩამოყალიბდეს.