Boeing-ი პრობლემური ნაწილების გამო, 737 MAX-ის მიწოდებას აჩერებს
Boeing-ი თავისი თვითმფრინავის 737 MAX-ის მიწოდებას აჩერებს. პრობლემა თავისივე ახალი მიმწოდებლის Spirit AeroSystems-ის ნაწილების ხარისხშია.
თვითმფრინავის მწარმოებელის განცხადებით, შექმნილი ვითარება სავარაუდოდ, 737 MAX თვითმფრინავების "მნიშვნელოვან" რაოდენობაზე აისახება როგორც წარმოებაში, ასევე მარაგებში და უახლოეს პერსპექტივაში, შეიძლება, 737 MAX მიწოდების შემცირება გამოიწვიოს.
ამ განცხადების შემდეგ, Boeing-ის აქციები 5,3%-ით, ხოლო Spirit AeroSystems-ის აქციები 11,8%-ით დაეცა.
პრობლემა, რომელიც 737 MAX ტიპის თვითმფრინავების ეხება (მათ შორის MAX 7, MAX 8 და MAX 8200-ს, ასევე P-8 Poseidon საზღვაო სამეთვალყურეო თვითმფრინავს, რომელიც დაფუძნებულია 737 NG-ზე) ფრენის უსაფრთხოების საკითხს არ უკავშირდება. მწარმოებლის განცხადებით, მათ შეუძლიათ ფუნქციონირება განაგრძონ.
ამ შეფასებას აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციაც (FAA) ადასტურებს და აცხადებს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაუდებელი პრობლემა „ბოინგის წარმოდგენილ ფაქტებსა და მონაცემებზე დაყრდნობით“ არ არსებობს და სააგენტო შეაფასებს ყველა არსებულ თვითმფრინავს.
პრობლემა ორი თავაკის არასწორ მონტაჟშია, რომლებიც Spirit-ის მიერ შექმნილ უკანა ფიუზელაჟს ვერტიკალურ კუდთან აერთებენ. აღნიშნული თვაკები ფიუზელაჟის სტრუქტურაზე Boeing-ში გაგზავნისას სწორად არ იყო მიმაგრებული. აღსანიშნავია, რომ Boeing-ის თვითმფრინავის ზოგიერთი ვერსია, მაგალითად, MAX 9, სხვადასხვა მიმწოდებლების თავაკებისგან დამზადდა, სადაც ეს ნაწილები სწორად დაამონტაჟეს.
Boeing-მა პრობლემის შესახებ ოფიციალურად Spirit-ს 13 აპრილს აცნობა, თუმცა, ვარაუდობენ, რომ პრობლემა 2019 წლიდან იწყება და კომპანია ჯერ კიდევ ადგენს, რამდენ თვითმფრინავს შეიძლება ჰქონდეს მსგავსი ხარვეზი.
Boeing-ი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, გააუქმებს თუ არა წელს 737-ის წარმოების გაზრდის გეგმებს ამ წელს. მისი გეგმა 2023 წელს მინიმუმ 400 ერთეული MAX-ის მიწოდებას გულისხმობს.
„ჩვენ შევატყობინეთ FAA-ს საკითხის შესახებ. ვმუშაობთ ინსპექტირების ჩასატარებლად და საჭიროების შემთხვევაში, შევცვლით შეუსაბამო ფიუზელაჟებს. ვწუხვართ იმ გავლენაზე, რაც ამ საკითხს ექნება დაზარალებულ მომხმარებლებზე და კონტაქტში ვართ მათთან მიწოდების გრაფიკთან დაკავშირებით“ - აცხადებს Boeing-ი.
United Airlines-მა, რომელიც ამ ტიპის თვითმფრინავებით ოპერირებს, Boeing-თან კონსულტაციის შემდეგ განაცხადა, რომ "ამ დროისთვის არ ელის რაიმე მნიშვნელოვან გავლენას თავისი სიმძლავრის გეგმებზე ზაფხულში ან წლის ბოლომდე“.
Spirit-ის განცხადებით კი, კომპანია მუშაობს ინსპექტირებისა და ხარვეზიანი ნაწილების შეკეთებაზე. მათივე ცნობით, FAA სავარაუდოდ, გამოსცემს ფრენისუნარიანობის დირექტივას, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს ინსპექტირებისა და შეკეთების რეჟიმზე გადავიდნენ.