აეროსტატიკური ბუშტები მიუდგომელ ადგილებში ინტერნეტს მიიტანენ
ბლოკჩეინზე დაფუძნებული მობილური ქსელის ოპერატორი World Mobile მიზნად ისახავს მთელს მსოფლიოში, რთულად მისადგომ ადგილებში აეროსტატიკური ბუშტებით ინტერნეტზე წვდომა გაამარტივოს.
აეროსტატის მსგავსი მოწყობილობები (AirNode) მიბმულია კონკრეტულ ადგილზე და როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, უზრუნველყოფენ იგივე დაფარვას, როგორსაც 12 ტრადიციული სატელეკომუნიკაციო ანძა. ამასთან, მათივე განმარტებით, ის საშუალებას იძლევა ნაკლები სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა აშენდეს და უფრო ნაკლები კაბელი იყოს გაყვანილი.
სატელეკომუნიკაციო კომპანია იყენებს საჰაერო და სახმელეთო მოწყობილობების ჰიბრიდულ მობილურ ქსელს ინტერტნეტზე წვდომისათვის. აეროსტატები პირველად ზანზიბარში გაუშვეს და ახლა, კომპანია სწრაფად ფართოვდება, რათა იაფი ინტერნეტი შორეულ რაიონებში მცხოვრებ ადმიანებამდე მიიტანოს, რომელთაც არ აქვთ წვდომა ტრადიციულ ინტერნეტ სერვისის პროვაიდერებთან.
"ჩვენ ვაკავშირებთ უინტერნეტო და ამ სერვისზე წვდომას შეზღუდულ ადამიანებს. ასეთი კი, პლანეტაზე დაახლოებით 2,5 მილიარდი ადამიანია და ამჟამად, არც არსებობს მათი ქსელთან დაკავშირების დამაჯერებელი გადაწყვეტილებები. ჩვენ ვიყენებთ აეროსტატებს და ხმელეთს, ამ ადამიანებამდე ინტერნეტის მისატანად“- განაცხადა World Mobile-ის დამფუძნებელმა, აღმასრულებელმა დირექტორმა მიკი უოტკინსმა ბარსელონაში მიმდინარე მსოფლიო მობილურ კონგრესზე.
უოტკინსის თქმით, ბუშტები ცაში სატელეკომუნიკაციო კოშკის როლს ასრულებენ და მომხმარებლებს შეუძლიათ პირდაპირ დაუკავშირდნენ აეროსტატს თავიანთი სმარტფონის გამოყენებით, ისევე, როგორც ეს ტრადიციული ფიჭური კავშირგაბმულობის ანძის შემთხვევაშია.
აეროსტატები უზრუნველყოფენ დაფარვას დაახლოებით, 130 კილომეტრის მანძილზე და 300-დან 500 მეტრამდე სიმაღლეზე.
„ინტერნეტის საჭიროება მთელ მსოფლიოშია. განსაკუთრებით, განვითარებად ბაზრებზე. მაგალითად, აფრიკის კონტინენტი, ინეტრენტით ყველაზე ნაკლებად მოცული ადგილია პლანეტაზე. აქედან დავიწყეთ. ზანზიბარში, ბოლო ორი წელი გავატარეთ და ახლა გადავდივართ ნიგერიაში, კენიაში, მოზამბიკში და გვაქვს ქვეყნების ვრცელი სია. ამასთანავე, ჩვენ წარმოდგენილი ვართ ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და ასევე აზიაში, პაკისტანში“, - განაცხადა უოტკინსმა.
მან დაბალ ორბიტაზე მოძრავ თანამგზავრთა სისტემებზეც ისაუბრა, რასაც StarLink-ი იყენებს.
„დაბალი ორბიტადან მოწოდებული ინტერნეტი ახლა ძალიან აქტუალურია, ბევრი კომპანია უშვებს მათ - თქვენ გაქვთ StarLink, გაქვთ Amazon-ის Kuiper და ასევე მრავალი სხვა. მაგრამ აქ არის ფიზიკის საკითხი - 300-500 მეტრის სიმაღლიდან შეიძლება განუსაზღვრელად დიდი გამტარუნარიანობის მიღწევა, ვიდრე ამას ორბიტაზე ასვლა უზრუნველყოფს. თუმცა, ჩვენთვის, როგორც ოპერატორისთვის, თუ შევძლებთ StarLink-ის ჩართვას ჩვენს საბაზო სადგურში, იქ სადაც სადაც ბუშტია, შეგვეძლება დამატებით გავიმაგროთ ზურგი“ - აცხადებს World Mobile-ის დამფუძნებელი.