"ტენდენციურობა და არაობიექტურობა" - ჯანდაცვის ასოციაცია დაგეგმილ რეგულაციებში სერიოზულ რისკებს ხედავს
რატომ დადგა ასეთი ცვლილებების განხორციელების საჭიროება - ასეთია კლინიკური სექტორის პოზიციაც და შეკითხვაც ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ დაგეგმილ რეგულაციებთან დაკავშირებით.
როგორც ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაია მახარაშვილი აცხადებს, დარგი ისედაც რეგულირებადია, შემოვიდა ახალი რეგულაციები და სტანდარტები. ასევე ამოქმედდა ელექტრონული ჩანაწერის პრინციპი, რაც ჯანდაცვის სამინისტროს შესაძლებლობას აძლევს, პაციენტის შესახებ ჩანაწერებს ლაივ-რეჟიმში ადევნოს თვალი და ამით დოკუმენტაციის გაყალბების ან დამალვის რისკი გამოირიცხოს.
„რა საჭიროებაა იმის, რომ ასეთი ცვლილებები ძალაში შევიდეს, როდესაც ისედაც რეგულირებადია დარგი? რეგულირების სააგენტო ამოწმებს სამედიცინო ბარათებს, მონიტორს შეუძლია ყოველდღიურად შემოვიდეს და მიმდინარე პაციენტი შეაფასოს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. აგვისტოდან სავალდებულო ხდება სამედიცინო ბარათის ელექტრონული გადაგზავნა და ლაივ-რეჟიმში შეუძლია ნახოს იქითა მხარემ პაციენტთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაცია,“- განმარტა მახარაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც რამდენიმე ადამიანს განუზომლად დიდი უფლებამოსილება ეძლევა და შეუძლიათ, ადგილზევე გადაწყვიტონ ჯარიმების ოდენობა, ასევე ის, არის თუ არა ეს ხარვეზები ისეთი კრიტიკული, რომ შესაძლოა უბრალოდ შეაჩერონ მომსახურება, ასეთ პირობებში, მახარაშვილის განმარტებით, არსებობს რისკები. კერძოდ, ეს რისკებია ტენდენციურობა და არაობიექტურობა, რადგან, მაია მახარაშვილის შეფასებით, კრიტერიუმები მკაფიოდ განსაზღვრული არ არის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს რგლი ვარდება.
შეგახსენებთ, ინიცირებული ცვლილებებით იგეგმება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილების გაზრდა და დარღვევებზე სანქციების გამკაცრება.
კანონპროექტის მიხედვით, პაციენტის სარჩელის საფუძველზე რეგულირების სააგენტოს კლინიკაში შესასვლელად და მოკვლევის დასაწყებად სასამართლოს შუამდგომლობა სჭირდებოდა და პროცესი ჭიანურდებოდა, ცვლილებების შემდეგ სააგენტოს დაუყოვნებლივ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ექნება სამედიცინო დაწესებულებაში შესვლის უფლება. გარდა ამისა, მკაცრდება და რამდენჯერმე იზრდება დარღვევებზე ჯარიმები.