სამინისტრომ კლინიკების შემოწმების ნაწილში პოზიცია შეარბილა
ჯანდაცვის სამინისტრომ პოზიცია შეარბილა და კლინიკების შემოწმების ნაწილში კანონპროექტში ცვლილება შეიტანა.
კერძოდ, როგორც ჯანდაცვის კომიტეტზე გამოსვლისას დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, გამოიყო რამდენიმე შემთხვევა: როცა პაციენტის საჩივრის, ადმინისტრაციული ორგანოს მომართვის ან მასმედიაში ვრცელდება ინფორმაცია კლინიკაში რაიმე დარღვევის შესახებ; როცა დედის, ახალშობილის ან ბავშვის გარდაცვალება ფიქსირდება და მარეგულირებელს სჭირდება, დაწესებულებაში სწრაფად შევიდეს, რათა ობიექტური სურათი დახვდეს,. დახვდეს. ამ ოთხ შემთხვევაში კლინიკაში მარეგულირებლის შესვლის ახალი პროცედურა ასეთია: მარეგულირებელი შედის სამედიცინო დაწესებულებაში და პარალელურად ატყობინებს სასამართლოს, რომ ის კლინიკაში შევიდა და ითხოვს ამის დადასტურებას, რისთვისაც 72 საათია განსაზღვრული.
ჯარიმის გამოწერის შემთხვევაში კი, თუ კლინიკა ამას გაასაჩივრებს, აღნიშნული ჯარიმა „გაიყინება“ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
აღნიშნულთან დაკავშირებით „ევექსი კლინიკების“ დირექტორის მოადგილემ ნინო ქორთუამ განაცხადა, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, ჰოსპიტალური სექტორისთვის რამდენიმე კრიტიკული საკითხი ისევ რჩება.
კერძოდ, მისი თქმით, ახალ ვერსიაში გაჩნდა ორი ახალი ჩანაწერი: პირველი - თუ შერჩევითი კონტროლი აქამდე ხორციელდებოდა წელიწადში ერთხელ სასამართლოს სანქცირების გარეშე, ახალი რედაქციის თანახმად, ეს რაოდენობა წელიწადში 3-მდე იზრდება.
მეორე საკითხი კი სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის შემოწმებას ეხება, რომელიც ასევე წელიწადში ერთხელ ხდებოდა, ახალი კანონპროექტი კი ამის უფლებას რეგულირების სააგენტოს წელიწადში სამჯერ აძლევს.
ქორთუას თქმით, ასევე დაუშვებელია, სასამართლოს ჰქონდეს უფლება, სამედიცინო დაწესებულების შეჩერების გადაწყვეტილება მხარეთა დასწრების გარეშე გამოიტანოს.