საქართველოში სამედიცინო აპარატურის ქარხნის შექმნა იგეგმება
ბათუმში სამედიცინო ტურიზმის, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მე-4 საერთაშორისო გამოფენა Expo Med Batumi გაიმართა.
ღონისძიება 7, 8 და 9 ივლისს ბათუმის სპორტის სასახლეში ჩატარდა და მასში მონაწილეობდა 60-მდე კომპანია 5 სხვადასხვა ქვეყნიდან.
კომპანია „GEONET EXPO-ს“ მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე რამდენიმე ათეული ადგილობრივი, საერთაშორისო სამედიცინო დაწესებულება და ბიზნესკომპანია იყო წარმოდგენილი.
სამედიცინო ტექნოლოგიების გარდა, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სამედიცინო კონფერენციაც, რომელზეც მოწვეული ექიმები გამოვიდნენ. ვიზიტორებს უფასო კონსულტაციების გავლის შესაძლებლობაც ჰქონდათ კარდიოლოგიის, დიეტოლოგიის და სხვა მიმართულებებით.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 4Hospitals-ი სხვადასხვა საერთაშორისო, გლობალური ბრენდის სამედიცინო პროდუქციით შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: ქირურგია, ტრავმატოლოგია-ორთოპედია, კარდიოლოგია-ინტერვენცია, პლასტიკური ქირურგია, ანესთეზიოლოგია-რეანიმაცია, ლაბორატორია-დიაგნოსტიკა, ჰოსპიტალური ავეჯი, აპარატურა და ინვენტარი.
ღონისძიების ფარგლებში ACHSI აკრედიტაცია ავსტრალიის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში -გენერალური მენეჯერი ტატა ფრანგიშვილი წარდგა პრეზენტაციას თემაზე: ACHS - საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტები/ACHS - international accreditation standards.
"ექსპო ბათუმი 2023" -ის დირექტორის ოსმან ჩალიშქან მჟავანაძის განმარტებით, გამოფენის ფარგლებში არაერთი თანამშრომლობა შედგა. ადგილობრივი კლინიკების წარმომადგენლებმა კი უცხოელ ვიზიტორებს საქართველოს ჯანდაცვის შესაძლებლობები გააცნეს.
მან ასევე ისაუბრა სამედიცინო სექტორში მოსალოდნელ სიახლეებზე და აღნიშნა, რომ არსებობს ინიციატივა, საქართველოში სამედიცინო აპარატურის წარმოება გაიხსნას.
„პანდემიამ გვაჩვენა, რომ აუცილებელია, ბევრი რამ ადგილობრივი გვქონდეს ქვეყანაში. ამიტომ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ბევრი რამ დაიგეგმა. ვიცი, რომ იგეგმება, ბევრი სამედიცინო აპარატურა საქართველოშიც იწარმოებოდეს, და აქედან ექსპორტზე გავიდეს. ამაზე ვმუშაობთ როგორც ასოციაცია, შეიძლება ამაზე მოლაპარაკება შედგეს და მსგავსი ქარხანა გაიხსნას საქართველოში, “ - განაცხადა ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ.