რეპროდუქციული კლინიკები ევროდირექტივით გათვალისწინებულ ვალდებულებას ეწინააღმდეგებიან
რეპროდუქციული მედიცინისა და ემბრიოლოგიის საქართველოს ასოციაციის თავმჯდომარე ლიკა ჭყონია რეპროდუქციულ სერვისებთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღების შედეგად სფეროში დასაქმებული კადრების 80%-ის გათავისუფლების საფრთხეებზე საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი ინვიტრო განაყოფიერებისა და სუროგაციის უცხოელი მოქალაქეებისთვის აკრძალვას ითვალისწინებს, ასევე სამართლებრივად აწესრიგებს ამ სფეროს.
საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ლიკა ჭყონია აცხადებს, რომ მარტო ექიმი და ემბრიოლოგი არაა, ვინც ამ სფეროში მუშაობს და სხვა უამრავი კადრია დასაქმებული და კლინიკებს ამ თანამშრომლების დიდი ნაწილის განთავისუფლება მოუწევთ.
„ამას სჭირდება ბევრი დამხმარე კადრი, რომ პაციენტი მკურნალობის დროს კომფორტულად იყოს. სამწუხაროდ, ჩვენ ყველა ამ კადრის გაშვება მოგვიწევს. ძალიან ბევრს ვეცდები, მოვიფიქრო რამე, რომ ეს ადამიანები უმუშევარი არ დარჩნენ, მაგრამ საფრთხე, რომ ვინც ამ დარგში მუშაობს, იმის 80% დარჩეს უმუშევარი, არსებობს,“ - განაცხადა ჭყონიამ.
კანონის ავტორის - ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია კი უცვლელია: უწყებაში მიაჩნიათ, რომ სფეროს მოწესრიგება აუცილებელია, უცხოელი მოქალაქეებისთვის საქართელოში აღნიშნული სერვისების შეზღუდვა კი ის ზომაა, რომელიც განვითარებული ქვეყნების დიდ ნაწილში მოქმედებს.
შეგახსენებთ: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების კანონპროექტი, რომლის განხილვებიც საპარლამენტო კომიტეტებმა სექტემბრიდან უნდა დაიწყონ, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საკითხებს ახლებურად აწესრიგებს. განმარტებითი ბარათის თანახმად, პროექტი წარმოადგენს ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზების ნაწილს.
კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციული საქმიანობა უნდა განხორციელდეს ადამიანის რეპროდუქციული ქსოვილების, უჯრედებისა და ემბრიონების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.
განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან მედიცინის დახმარებით რეპროდუქციული საქმიანობა განხორციელდება შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე. სალიცენზიო მოსაკრებელი 300 ლარით განისაზღვრება.
განმარტებით ბარათის თანახმადვე, კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს და მისი მიღება მიღება შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან და მიმართულია ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოებისკენ. კერძოდ, კანონპროექტი გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმების 357-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულებისაგან.
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ მოქმედი კანონი, რომელიც მიღებულია 1997 წლის 10 დეკემბერს, აწესრიგებს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საკითხებს. თუმცა, აღნიშნული საკითხების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები აღარ შეესაბამება არსებულ რეალობას და ვეღარ ემსახურება კანონის მიზანს.