ჯანდაცვა
31/01/2023

ოჯახმა ბიუჯეტის 10% ჯანდაცვაზე უნდა გამოყოს – რჩევები

როგორი უნდა იყოს ჯანდაცვაზე ოჯახის ოპტიმალური დანახარჯი მისი ყოველთვიური ბიუჯეტიდან,  რათა რისკების ძირითადი ნაწილი დაზღვეული იყოს, სადაზღვევო შემთხვევის დროს კატასტროფული დანახარჯები აიცილოს თავიდან და ამავდროულად, პროფილაქტიკური ან მიმდინარე ამბულატორიული კვლევებიც ჩაიტაროს.

ამ საკითხზე jandacva.ge-ს მკითხველს რეკომენდაციებს უზიარებს სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი.

მისი თქმით, ჯანდაცვაზე ოჯახი საკუთარი შემოსავლის 10%-ს უნდა ხარჯავდეს, რაც მოიცავს როგორც დაზღვევას, ისე თანაგადახდის დარჩენილი ლიმიტის დაფარვას და სხვა შესაძლო ხარჯებს, რაც ჯანმრთელობას უკავშირდება.

„თუ პირობითად ავიღებთ საშუალო შემოსავლის მქონე ოთხწევრიან ოჯახს, რომლის თვიური შემოსავალი 3 ათასი ლარია, ამ თანხიდან 300 ლარი უნდა იყოს გამოყოფილი ჯანმრთელობაზე. ამ 300 ლარიდან 150 ლარით ჯანმრთელობის დაზღვევის საოჯახო პაკეტი უნდა იყიდონ, დანარჩენი კი სხვა დამატებით საჭიროებას მოახმარონ, რაც ჯანმრთელობას უკავშირდება. ესაა ყველაზე ლოგიკური და იდეალური მოდელი,“ – აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა.

მისი კიდევ ერთი რეკომენდაციაა, ადამიანებმა სადაზღვევო პაკეტის შერჩევის დროს მხოლოდ სტომატოლოგიას და მედიკამენტების დაფარვის ლიმიტს არ მიაქციონ ყურადღება და გაითვალისწინონ მაგალითად ონკოლოგიური დაავადებების ლიმიტი, რაც სადაზღვევო პაკეტს მნიშვნელოვნად არ გააძვირებს.

„როდესაც ადამიანები პაკეტებს ირჩევენ, რას კითხულობენ პირველ რიგში? მაგალითად. რამდენია სტომატოლოგიის ლიმიტები? ავიღოთ 60-ლარიანი პაკეტი – სტომატოლოგიამ წაიღო 20 ლარი. შემდეგ მოდის ამბულატორია, ამანაც წაიღო რაღაც თანხა. ონკოლოგიაზე კი არავინ ფიქრობს. არადა სადაზღვევო პაკეტს ამ რისკის შეტანა მნიშვნელოვნად არ გააძვირებდა – დაახლოებით 10 ლარზეა საუბარი, თანაც საოჯახო პაკეტის შემთხვევაში ოჯახის წევრებიც ამ ფასად დაეზღვევიან, დღეს კაცმა არ იცის, ვინ რა პაკეტს ყიდის. წლებია, საუბარია მინიმალური პაკეტის შექმნაზე, მაგრამ სახელმწიფოს არ გადაუდგამს ამ მიმართულებით ნაბიჯი. მიზეზს ვერ გეტყვით, შესაძლოა, ფიქრობენ, რომ ჯერ სხვა პრიორიტეტებია დასალაგებელი, მაგალითად წამლების მაღალი ფასების პრობლემა“ – განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.

სტატისტიკის თანახმად, საქართველოში კერძო დაზღვევით მოსახლეობის მხოლოდ 18% სარგებლობს.