ჯანდაცვა
05/09/2023

ქვეყანაში ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევა 51500 მოქალაქეს აქვს

2023 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, ქვეყანაში ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევის 51 483 მოქმედი პოლისია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7 ათასით გაზრდილი მაჩვენებელია.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, კერძო დაზღვევის მოქმედ პოლისებს შორის კორპორატიულია 424 481, სახელმწიფო - 245 783.

როგორც სადაზღვევო ასოციაციაში განმარტავენ, ინდივიდუალური პოლისის თავისებურება ისაა, რომ სადაზღვევო კომპანია უნდა დარწმუნდეს, რომ მოქალაქე ამ პროდუქტს უკვე დამდგარი დიაგნოზის სამკურნალოს არ ყიდულობს და მკურნალობის შემდეგ უარს არ იტყვის ხელშეკრულების გაგრძელებაზე. გარდა ამისა, პოლისის გაყიდვამდე კომპანია დაზღვევის მსურველის ანკეტირებას ახდენს ქრონიკული დაავადებებისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების არსებობასთან დაკავშირებით. ამ თავისებურებების გათვალისწინებით, პოლისს აქვს მოცდის საკმაოდ დიდი ვადა, რაც მას მიმზიდველს არ ხდის, თუმცა, როგორც სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი  ხეჩინაშვილი ამბობს, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები, მათ შორის პენსიონრები, ამ შეთავაზებას საყოველთაო ჯანდაცვაზე კერძო დაზღვევის დაშენების მიზნით იყენებენ, რაც მათ სადაზღვევო პირობებს აუმჯობესებს.

მისივე განცხადებით, სამედიცინო დაზღვევის სფეროში ამ ეტაპზე ყველაზე პრიორიტეტული საკითხი, რომელმაც სისტემური გაუმჯობესება უნდა მოიტანოს, საყოველთაო პაკეტზე დაშენების უფლების ყველა მოქალაქისთვის მიცემაა.

jandacva.ge

Businesspartner