ჯანდაცვა
08/06/2023

კლინიკა "ინოვა" - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა "დიარჯის" ამოქმედებისთანავე დავტოვეთ

"დიარჯის" სისტემის ამოქმედების შემდეგ კლინიკების ნაწილმა სხვადასხვა მიმართულებით შექმნილ პრობლემებზე დაიწყო საუბარი. ამ კონტექსტში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განსახილველი თემა მაღალტექნოლოგიური ოპერაციების დაფინანსების საკითხი იყო. კლინიკების ხელმძღვანელების ნაწილი აცხადებს, რომ ახალი სისტემით შეთავაზებული ტარიფები ხშირ შემთხვევაში არ აღმოჩნდა საკმარისი ისეთი ოპერაციების ჩასატარებლად, რომლებისთვისაც მაღალტექნოლოგიური აპარატურაა საჭირო.

სწორედ ამ ფაქტორს ასახელებს სამედიცინო ცენტრ "ინოვას" კლინიკური დირექტორი, ნეიროქირურგი გოჩა ჩუტკერაშვილი იმის მიზეზად, რომ მისმა კლინიკამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა „დიარჯის“ ამოქმედებისთანავე დატოვა.

„ჩემმა კლინიკამ შეაფასა ამ სისტემის ავ-კარგიანობა, პირველივე დღიდან უარი ვთქვით დიარჯის სისტემაზე და კლინიკა გავიდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან,“ - აღნიშნა ჩუტკერაშვილმა და განაცხადა, რომ „ინოვა“ არის გერმანული სისტემით მოწყობილი სამედიცინო დაწესებულება, სადაც დანერგილია უმაღლესი სტანდარტები - ტექნოლოგიები, კლიმატის და ტენიანობის რეჟიმები, მუშაობენ მაღალკვალიფიციური ექიმები, ამ ყველაფერს კი დიარჯის სისტემით დაწესებული ტარიფები ვერ უზრუნველყოფს.

ჩუტკერაშვილის თქმით, მაღალტექნოლოგიურ აპარატურას სჭირდება მომსახურება და  შენახვა, რასაც დიარჯი ვერ ანაზღაურებს. შესაბამისად, კლინიკამ საყოველთაო ჯანდაცვბის პროგრამის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და მხოლოდ კერძო დაზღვევით მოსარგებლე ან იმ პაციენტებს ემსახურება, რომლებიც მკურნალობის თანხებს მთლიანად თავად ფარავენ.

„ინოვას“ კლინიკური ხელმძღვანელი აღნიშნავს იმასაც, ამ საკითხებზე შეხვედრას აპირებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასთან.

jandacva.ge