ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე მოზიდვები 21%-ით გაიზარდა, ზარალიანობის მაჩვენებელი კი 5%-ით შემცირდა.
ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ საუბრისას „BB დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე სულამანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ზარალიანობის 86-დან 81%-მდე შემცირებამ ამ სეგმენტში მოგების გაზრდა გამოიწვია და შედეგად, ამ მაჩვენებელმა 12 მილიონი ლარი შეადგინა.
შესაბამისად, სულამანიძის განცხადებით, 24-მილიონიან ზრდაში ნახევარი ჯანმრთელობის სფეროზე მოდის. დაზღვევის მიმართ ინტერესის ზრდას კი ის საშუალო ფენის შემოსავლის ზრდით ხსნის.
მისი თქმით, როდესაც ადამიანს შემოსავლები ეზრდება, პირველ რიგში ის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, ამის შემდგომი პრიორიტეტი კი ავტომობილია.
შეგახსენებთ, რომ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2023 წლის 6 თვის მონაცემებით, სადაზღვევო ბაზრის 47% ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის.