ჯანდაცვა
27/02/2023

ინიციატივა ძუძუს კიბოს სიკვდილიანობის შესამცირებლად - როგორია WHO-ს სტატისტიკა

ძუძუს კიბო კიბოს ყველაზე გავრცელებული სახეობაა ევროპის რეგიონში და ქალებში - კიბოს სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზი. 2020 წელს რეგიონში 576,337 ქალს დაუდგინდა ძუძუს კიბო, 157,111 კი - მისგან დაიღუპა, რაც საათში 18 სიკვდილს უტოლდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გათვლით, თუ მიმდინარე ტენდენცია არ შეიცვალა, 2020-2040 წლებში რეგიონში ძუძუს კიბოს ახალი შემთხვევები 12.8%-ით, სიკვდილიანობა კი 25.2%-ით გაიზრდება.

საქართველოში 2020 წელს ძუძუს კიბოს 1942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მისგან 910 ქალი გარდაიცვალა. ძუძუს კიბო რეპროდუქციული ასაკის ქალებში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი, ჯანმოს საქართველოს ოფისთან და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად მასპინძლობს ახალ ინიციატივას რეგიონში ძუძუს კიბოს სიკვდილიანობის შემცირების მიზნით. პოლიტიკის დიალოგი, რომელიც უკვე გაიმართა, აერთიანებს პოლიტიკის შემქმნელებს, ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებლებს, პაციენტთა უფლებადამცველებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან და უკრაინიდან, რათა აღმოიფხვრას ძუძუს კიბოზე ზრუნვის ხარვეზები და ყველა ქალს ჰქონდეს წვდომა ძუძუს ჯანმრთელობაზე.

კიბოს პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კუთხით არსებული მიღწევების მიუხედავად, ძალიან ბევრი ქალი კვლავ აწყდება ბარიერებს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს კიბოს გამოსავალზე. ხშირად ქალებს დიაგნოზი ძალიან გვიან უდგინდებათ, მულტიდისციპლინური მკურნალობა და შემდგომი დაკვირვება არაოპტიმალურია და დამხმარე და პალიატიური მზრუნველობა კრიტიკულად განუვითარებელი რჩება. ძუძუს კიბოს 5-წლიანი განკურნების მაჩვენებელი დასავლეთ ევროპის მაღალშემოსავლიან ქვეყნებში აღემატება 90%-ს, თუმცა მისი მაჩვენებელი 75%-ია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. საშუალო შემოსავლის მქონე უკრაინაში განკურნების მაჩვენებელი 56%-ია, ხოლო უზბეკეთში - 43%. ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალი, ორჯერ მეტი ალბათობით დაიღუპება ავადმყოფობისგან, თუ ის ცხოვრობს კავკასიაში, ვიდრე ჩრდილოეთ ევროპაში. მოწყვლად ჯგუფებში და დაბალი განათლებისა და შემოსავლის მქონე ქალებში უფრო გვიან ხდება დიაგნოზის დასმა და მათი გადარჩენის მაჩვენებელიც უფრო დაბალია.

„ძუძუს კიბოს გამოსავლის კუთხით არსებული უთანასწორობა მხოლოდ მაშინ შემცირდება, როდესაც პაციენტს ყურადღების ცენტრში დავაყენებთ და ინვესტიციას ჩავდებთ ჯანდაცვის სისტემებში, რომელიც უზრუნველყოფს თანაბარ ხელმისაწვდომობას ყოვლისმომცველ და ხარისხიან ზრუნვაზე“, - განაცხადა ნინო ბერძულმა, ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის ჯანმრთელობის პროგრამების დირექტორმა - „ამ უთანასწორობის გადალახვა მოითხოვს სისტემურ გაუმჯობესებას, კიბოზე ზრუნვის ნათელი გზამკვლევის დასახვას და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენებას პაციენტების სამსახურში.“

WHO-ს ახალი ინიციატივა მოიცავს რეკომენდაციებს ქვეყნებისთვის, თუ როგორ უნდა შემცირდეს ძუძუს კიბოს სიკვდილიანობა ადრეული გამოვლენისა და კიბოს ყოვლისმომცველი მენეჯმენტის გაზრდის გზით. ორი სტრატეგიის კომბინაციამ წარმატებით შეამცირა ძუძუს კიბოს სიკვდილიანობა პოპულაციის დონეზე:

1) ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენა (მათ შორის ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ჩათვლით)

2) ეფექტური მულტიმოდალური მკურნალობა.

ეს ორი სტრატეგია ერთმანთის ალტერნატივა არ არის - სიკვდილიანობის შესამცირებლად ორივეს დანერგვაა საჭირო. WHO მხარს უჭერს ქვეყნებს ჯანდაცვის სისტემების გაძლიერების ეფექტური სტრატეგიების განსახორციელებლად და ძუძუს კიბოს სიკვდილიანობის შესამცირებლად.

„ჩემთვის დიდი პატივია ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობა,“ - განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა საქართველოში სილვიუ დომენტემ, -„დაინტერესებული მხარეების შეხვედრა, რათა განიხილონ, თუ როგორ უნდა მოგვარდეს პოლიტიკის საკითხები და როგორ დაინერგოს საუკეთესო პრაქტიკა ძუძუს კიბოს მართვის სერვისების გაძლიერებისა და გაუმჯობესდეს მიზნით, აუცილებელია კიბოს გამოსავლის გასაუმჯობესებლად და სიკვდილიანობის შესამცირებლად.“