"ფარმაცევტულ სექტორსა და სამინისტროს შორის საჯარო ურთიერთბრალდებები შეწყდა, რაც იმედის მომცემია"
ის, რომ ფარმაცევტული კომპანიების ასოაციაციასა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის საჯარო ურთიერთბრალდებები შეწყდა, შესაძლოა, მიანიშნებდეს იმაზე, რომ პროცესმა სამუშაო რეჟიმში გადაინაცვლა, რაც ძალიან კარგია.
ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა Jandacva.ge-სთან საუბარში განაცხადა. აღნიშნული ასოციაცია ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელ, უცხოურ კომპანიებს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 2 აგვისტოს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საუბარია ქართული კომპანიების მიმართ მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებასა და სექტორის რეპუტაციის შელახვაზე სამინისტროს მხრიდან. ასოციაცია ბაზარზე არსებულ დეფიციტს რეფერენტული ფასების პოლიტიკით ხსნის. განცხადების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული რეფერნტული ფასწარმოქმნის მოდელი ყველა ასპექტში ხარვეზიანია, არ არის გათვალისწინებული ის გამოწვევები და რისკები, რაც ქართულ ბაზარზეა შექმნილი.
ასოციაციამ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა, პაციენტების და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, გადაინაცვლოს კონსტრუქციულ სამუშაო და ურთიერთთანამშრომლობის რეჟიმზე.
ირაკლი მარგველაშვილი დღეს jandacva.ge-სთან საუბარში გამოთქვამს იმედს, რომ ის ერთთვიანი პაუზა, რომელიც სამინისტროსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორისაა, ნიშნავს იმას, რომ პროცესმა სამუშაო რეჟიმში გადაინაცვლა.
„ამ პროცესში ყველაზე მთავარი პაციენტები არიან. როდესაც საჯაროდ მხარეების ურთიერთბრალდებები ისმის, პაციენტებს ეუფლებათ შიშის განცდა, რომ მათთვის საჭირო მედიკამენტის დეფიციტი შეიქმნება. ეს კი ბევრ რისკთანაა დაკავშირებული. მე ადრეც ვაცხადებდი და ახლაც მინდა აქცენტი გავაკეთო იმაზე, რომ ურთიერთპრეტენზიები პროფესიულ ფორმატში უნდა იყოს განხილული და არა - საჯაროდ,“ - აღნიშნა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ფარმაცევტულ სექტორსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთბრალდებების თემებს შორის ყველაზე მწვავეა ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასების ზრდა და ეპილეფსიის პრეპარატზე სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნა.