ჯანდაცვა
14/04/2023

დამატებითი 5-დღიანი შვებულება "მხოლოდ საკუთარი თავისთვის“ – რას ნიშნავს "მენტალური შვებულება"

„თიბისი დაზღვევამ“ საკუთარ თანამშრომლებს „მენტალური შვებულებებით“ სარგებლობის საშუალება მისცა. ეს ნიშნავს იმას, რომ დასაქმებულები სტანდარტულ 24 დღიან დასვენებასთან ერთად დამატებით 5-დღიანი შვებულებით ისარგებლებენ, რომელსაც ისინი საკუთარი თავისთვის გამოიყენებენ.  მანამდე იყო შეთავაზება მომხმარებლებისათვის, როცა ჯანმრთელობის დაზღვევას ახალი დაფარვა დაემატა — მენტალური ჯანმრთელობა სრულფასოვანი ცხოვრებისათვის. ეს სიახლე მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ისარგებლოს 50%-იანი თანაგადახდით ფსიქოთერაპევტთან და ფსიქიატრთან კონსულტაციაზე.

“თიბისი დაზღვევის” ადამიანების მენეჯმენტის განყოფილების უფროსის თეა მახარაძის განმარტებით, „მენტალური შვებულების“ შეთავაზების აუცილებლობა განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში დაინახეს. მისი თქმით, სამუშაოზე „გადაწვის“ შედეგად ადამიანები არაპროდუქტიულები და არაეფექტიანები ხდებიან. ისინი ხშირად ამას არ აქცევენ ყურადღებას და ჰგონიათ, რომ ეს ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია და რომ ბუნებრივია, მაგალითად, როცა სამსახურში თავი სტკივათ.

„როცა ადამიანს საქმე არ გამოსდის, ამას უკავშირებს ტკივილს, სწრაფ გადაღლას. თითქოს ისეთი არაფერი ხდება, მაგრამ უკვე შემოდის ფიზიკური სიმპტომები და როცა აღმოჩნდა, რომ ასეთი მოვლენების სიხშირე მაღალია და „გადაწვამ“ მაღალ დონეს მიაღწია, დაიწყო განხილვა, ხომ არ შეეტანათ ეს სიმპტომები ავადობის ჯგუფში, თუ უბრალოდ ესაა სამსახურეობრივი გადაღლა. საბოლოო ჯამში მეორე ვარიანტზე შეჯერდნენ, რომ ეს არაა ავადმყოფობა, მაგრამ ცალკე გამოიყო „სამსახურეობრივი გადაწვა“,“- განმარტა თეა მახარაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას.

მისი თქმით, ამ კუთხით არსებული მდგომარეობის შესაფასებლად არსებობს სპეციალური კითხვარები, რათა პრობლემების იდენტიფიცირება მოხდეს.

„გამოკითხვა – ესაა პირველი აპრობირებული მეთოდი, მეორე კი ესაა ხელმძღვანელები, რომლებიც ამ პროცესში ჩართულები უნდა იყვნენ, რადგან მათზე უკეთ არავინ იცის, მათ გუნდებში რა ხდება. ასევე იდენტიფიცირებული უნდა იყოს შეცდომები, რომლებსაც ადამიანები უშვებენ.  გახშირებული ავადობა და ხშირი ბიულეტენი,“ – აღნიშნა მახარაძემ.

მისი თქმით, კვლევები ადასტურებს, რომ რაც უფრო დიდია სტრესი, მით მაღალია დაუმთავრებელი საქმეების სიხშირე, ადამიანს უჭირს ფოკუსირება და ერთ საქმეზე კონცენტრირება, ასევე პროფესიული განვითარება.

„გადაწვის“ ერთერთი სიმპტომია კვირადღის შიში – „ხვალ ორშაბათია“, რაც არის იმის მანიშნებელი, რომ სტრესის დონე მაღალია და ორგანიზმი გადაწვის პირასაა.

ამ ვითარებას კი სტანდარტული შვებულება არ შველის.

თეა მახარაძის განმარტებით, 5-დღიანი მენტალური შვებულების მიზანია, რომ თანამშრომელმა ეს დრო მხოლოდ საკუთარი თავისთვის გამოიყენოს და ის სხვადასხვა პასუხისმგებლობაზე არ დახარჯოს.

მას კომპანია შესთავაზებს შვებულების დაგეგმვას,  ონლაინ თუ რეალურ დროში არსებულ კურსებს მენტალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

გარდა ამისა, კომპანია გეგმავს თანამშრომლებს მიაწოდოს ინფორმაცია სხვადასხვა ტექნიკის, მათ შორის სუნთქვითი ვარჯიშების შესახებ, რასაც დღეში მხოლოდ 15 წუთი სჭირდება.

კომპანია აპირებს, დააკვირდეს პროცესებს ერთი წლის განმავლობაში და ჩაატაროს გამოკითხვა თანამშრომლებში, რომლებმაც ისარგებლეს ამ შეთავაზებით და ასევე იმ დასაქმებულებში, რომლებსაც ამ შესაძლებლობით არ უსარგებლიათ. შედეგად, გაანალიზდება, შემცირდა თუ არა პირველ ჯგუფში გაცდენები, ბიულეტენების რაოდენობა, შეცდომების რიცხვი და საბოლოო ჯამში როგორ აისახება ეს კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე.

jandacva.ge