ჯანდაცვა
28/03/2023

"აშენდება 500-საწოლიანი, მაღალტექნოლოგიური კლინიკა“ – მინისტრი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე

სავარაუდოდ, მომავალ კვირაში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის დეტალური პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიება ადგილზე, კლინიკაში ჩატარდება და მას კლინიკის თანამშრომლები დაესწრებიან. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ ხელფასის გარეშე არცერთი თანამშრომელი არ დარჩება.

„ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია ხარისხიანი ჯანდაცვის უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ სხვადასხვა ღონისძიებებს, მექანიზმებს და სტანდარტებს ვნერგავთ, რაც ამის მისაღწევად აუცილებელია.

მაგალითად ის, რომ 2025 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული ყველა კლინიკა უნდა აკმაყოფილებდეს აკრედიტაციის სტანდარტს. რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო კლინიკების როლი ჩვენი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი და ადეკვატური სამედიცინო მომოსახურების მისაწოდებლად, ამის დასაყრდენი და ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია რესპუბლიკური საავადმყოფო. სწორედ ამიტომ გვინდა, რესპუბლიკური საავადმყოფო შეესაბამებოდეს იმ სტანდარტს, რასაც ჩვენ სხვა საავადმყოფოებს ვთხოვთ და ის ყველაფერ ამის ეტალონი იყოს. აქედან გამომდინარე, როცა შევაფასეთ გასული თვეების განმავლობაში, რამდენად იყო შესაძლებელი, რესპუბლიკურს დაეკმაყოფილებინა ეს სტანდარტები, დაახლოებით ერთი თვის წინ გავაკეთე პირველად განცხადება, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რესპუბლიკურის ნაწილი – შედარებით ახალი შენობა რომელიცაა – დარჩეს, ხოლო მეორე ნაწილის დემონტაჟი მოხდეს და მის მაგივრად აშენდეს თანამედროვე სტანდარტების კლინიკა, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, რაც საჭიროა მაღალტექნოლოგიური კლინიკისთვის და ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, უმაღლესი ხარისხის მომსახურება მიიღონ.

აქედან გამომდინარე იყო, რაც მოხდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა ძველი საავადმყოფო, ამიტომ აშენდა ახალი შენობა სტანდარტებით და ის ძალიან მარტივად დააკმაყოფილებს ჩვენს სტანდარტებს. იგივე გვინდა რესპუბლიკური საავადმყოფოს შემთხვევაშიც – 500 საწოლამდე ახალი, თანამედროვე კლინიკა აშენდება, რომელიც იქნება მაღალტექნოლოგიური სტანდარტებით და აღჭურვილიც იქნება შესაბამისად.

მედპერსონალთან დაკავშირებით მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, სამედიცინო პერსონალიდან არცერთი არ დარჩეს უმუშევარი და რეაბილიტაციის პროცესში ჩვენ მათ შევთავაზებთ სხვადასხვა კლინიკაში დასაქმებას. იმ შემთხვევაში, თუ ეს რომელიმე თანამშრომლის შემთხვევაში ვერ მოხერხდება, უზრუნველვყოფთ იმ სახელფასე ანაზღაურების გაგრძელებას, რასაც ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იღებდნენ. ესაა, რასაც მკაფიოდ ვაფიქსირებთ და ეს პრემიერმაც დააფიქსირა,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ პრეზენტაცია, რომელიც მომავალ კვირაში იგეგმება, იქნება  ძალიან დეტალური და პრეზენტაციისას საზოგადოებას, მათ შორის კლინიკის პერსონალს მიეცემა შესაძლებლობა, საკუთარი თავისი თვალით იხილოს, რას აპირებს სახელმწიფო აღნიშნულ კლინიკასთან დაკავშირებით, ასევე თანამშრომლები დეტალურად გაეცნობიან, რა გეგმებია მათთამ მიმართებაში.

„ვფიქრობ, ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ,“ – აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში რამდენიმე დღეა აქციები მიმდინარეობს. პრემიერისა და ჯანდაცვის მინისტრის გუშინდელი განცხადებების მიუხედავად, რომელთა თანახმად, კლინიკა იგივე ადგილზე, სრულად სახელმწიფოს დაფინანსებით აშენდება, პერსონალმა დღეს პროტესტი ისევ გამოთქვა. ისინი არსებული ხელმძღვანელობის გადადგომას და კლინიკის ისეთ რეაბილიტაციას მოითხოვენ, რომ მკურნალობის პროცესი არ შეწყდეს.

jandacva.ge