"არცერთ კლინიკას არ სურს სახელმწიფო პროგრამიდან გასვლა" - საყოველთაო ჯანდაცვა ბიზნესისთვის მიმზიდველობას არ კარგავს
„არავის არ უნდა სახელმწიფო პროგრამიდან გასვლა,“ - ამის შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში ჯანდაცვის ექსპერტმა თენგიზ ვერულავამ განაცხადა. ასე შეაფასა მან ჯანდაცვის ბაზარზე არსებული სიტუაცია, რომლის 90%-ზე მეტი კერძო სექტორზე მოდის, დაფინანსების ძირითადი წყარო კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაა.
რამდენიმე დღის წინ jandacva.ge-მ გაავრცელა „ევექსი ჰოსპიტლების“ შუალედურ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში მოცემული რამდენიმე მონაცემი. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „ევექსის ჰოსპიტლები ცდილობს რაც შეიძლება გააფართოვოს შემოსავლის წყაროები და, ამ გზით, შეამციროს დამოკიდებულება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე.“
თენგიზ ვერულავა ფიქრობს, რომ არსებულ ვითარებაში კლინიკებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე დამოკიდებულების შემცირება არარეალისტურია, რადგან ეს პროგრამა კლინიკების დაფინანსების მთავარი და მიმზიდველი წყაროა.
„არავის არ უნდა სახელმწიფო პროგრამიდან გასვლა, რადგან მთავარი პაციენტები მაინც სახელმწიფოს „ხელშია“. მათ შორის არიან პენსიონერები, რომლებზეც დაავადებათა ყველაზე მეტი ტვირთი მოდის. „ევექსის“ ქსელი მთლიანად კერძოა, მან რაიონები „დაიპყრო“. თანაც რაიონებში თითო საავადმყოფოა და არა 2 და 3... ის გახდა ბაზრის დაახლოებით 35%-იანი წილის მფლობელი, საუბარია სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე,“ - განაცხადა ვერულავამ.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოში საზოგადოებრივი საავადმყოფოები არ არის და მხოლოდ სახელმწიფო ან კომერციული სექტორია წარმოდგენილი.
„კერძო სექტორმა, საავადმყოფოების 85-მა პროცენტმა რომ პირი შეკრას და რაიმე სერვისზე თქვას, რომ ამას არ გააკეთებს, რა უნდა ქნას სახელმწიფომ? თუმცა ქვეყანაში მაინც არის კონკურენცია, ყველას სურს სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა, მეტიც - სპეციალურად ამ მიზნით კლინიკებიც კი გაიხსნა,“ - განაცხადა თენგიზ ვერულავამ.