ჯანდაცვა
28/07/2023

AHF-ის მიზანია აივ ინფიცირებული ადამიანების გამოვლენა და მათი დროული ჩართვა მკურნალობაში

შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობა 2018 წლიდან, აქტიურად საქმიანობს აივ ინფექცია/შიდსთან ბრძოლისა და პრევენციის მიმართულებით.

2020 წელს, თბილისში გაიხსნა „AHF საქართველოს“ ტესტირების ცენტრი, სადაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ტესტების საშუალებით, უფასოდ ხორციელდება აივ-ზე, C ჰეპატიტზე და სიფილისზე   სწრაფი, მარტივი და ანონიმური ტესტირება ნებისმიერი მოქალაქისთვის. ასევე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამისი საინფორმაციო მასალის მომზადება-გავრცელებას, კონსულტაციებისა და ტრენინგების  ჩატარებას აივ ინფექცია/შიდსსა და სხვა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე, მათი პრევენციისა  მეთოდებზე.

სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ გამოცხადდა.  შესაბამისად, აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, ინფორმირების გაზრდა მნიშვნელოვანია. შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობა, გარდა აივ/შიდსის საკითხებისა, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს  სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ტრენინგებისა და უფასო კონსულტაციების გზით.

გვესაუბრება შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) ტესტირებისა და მიმართვიანობის სპეციალისტი, ბაგრატ კობალაძე:

  • შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობის ტესტირების ცენტრი მოქალაქეთა მომსახურებას უკვე მეოთხე წელია  შეუფერხებლად ახორციელებს. ნებისმიერ მოქალაქეს  შესაძლებლობა აქვს, უფასოდ ჩაიტაროს აივ ინფექციაზე, C ჰეპატიტზე და სიფილისზე სწრაფი და ანონიმური ტესტირება, მიიღოს კონსულტაციები აივ-ინფექცია/შიდსისა და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ. ცენტრში მისულ ნებისმიერ მოქალაქეს, ასევე უფასოდ შეუძლია, მიიღოს კონდომები. ფონდის მიზანია ტესტირების გზით, აივ ინფიცირებული ადამიანების გამოვლენა და მათი დროული ჩართვა მკურნალობაში, რაც დაეხმარება მათ, გაიხანგრძლივონ სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
  • სტატისტიკაზე რომ გვითხრათ და სად ფიქსირდება ყველაზე მეტი შემთხვევა?
  • ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მონაცემებით, საქართველოში 11 ათასამდე   აივ-ით ინფიცირების  შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან უმრავლესობა მამაკაცია, პაციენტთა ასაკი კი 29-დან 40 წლამდე მერყეობს. შიდსი განუვითარდა 5 ათასამდე პაციენტს, მათ შორის 2 ათასამდე გარდაიცვალა. ყველაზე მეტი დაინფიცირების შემთხვევა დედაქალაქზე მოდის, შემდეგ - ბათუმი, ზუგდიდი და ა.შ. რაც დიდ ქალაქებში მაღალ მიგრაციას უკავშირება.  ამ მაჩვენებლის მიხედვით ითვლება, რომ საქართველოში ვირუსის გავრცელების მაღალი დონეა. არსებულ მდგომარეობას სპეციალისტები საზოგადოების  დაბალ ინფორმირებულობას უკავშირებენ, რის გამოც,  დაავადების გამოვლენა მძიმე სტადიაზე ხდება, რაც ინფექციის მართვას ართულებს. შესაბამისად, მთავარ გამოწვევად,  ქვეყანაში ინფიცირებულთა მიმართ სტიგმის დაძლევა რჩება.
  • რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის იცოდეს საკუთრი აივ სტატუსი?
  • ზოგადად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ადამიანმაჩაიტაროს ტესტირება და იცოდეს საკუთარი აივ სტატუსი. აუცილებელია დროულად მოხდეს მკურნალობის დაწყება, რომელიც აჩერებს დაავადების პროგრესირებას და მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ასევე, ინფიცირებულმა ადამიანმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს თავის ჯანმრთელობას და თავიდან აიცილოს სხვა ადამიანების, მათ შორის პარტნიორების, ინფიცირება და, შესაბამისად, დაავადების გავრცელება.
  • და რა თქმა უნდა ამისგან დაზღვეული არავინ არის...
  • ეს არის დაავადება, რომელიც შესაძლოა ყველას დაემართოს, ამისგან დაზღვეული არავინაა. და მაინც, ვისთვისაა აუცილებელი აივ-ზე ტესტირება?! როგორც ექიმები განმარტავენ, აივ-ით (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით) დაინფიცირების საშიშროება ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ გადადების რისკი იზრდება გარკვეული ქცევების არსებობის შემთხვევაში.
  • რას ურჩევდით საზოგადოებას?
  • მეც და როგორც შიდსის ჯანდაცვის ფონდი გირჩევთ, გაიგეთ თქვენი აივ სტატუსი, თუ ერთხელ მაინც გქონიათ შემთხვევითი დაუცველი სქესობრივი კონტაქტი, გაქვთ ან გქონდათ რომელიმე სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, გადატანილი გაქვთ ან ამჟამად გაქვთ B ან C ან D ჰეპატიტის ვირუსი, ერთხელ მაინც მოგიხმარიათ ინექციური ნარკოტიკი, თქვენი მეუღლე/სქესობრივი პარტნიორი არის ან იყო ნარკოტიკის მომხმარებელი, დაგიდგინდათ ტუბერკულოზი, ხშირად იტარებთ სამედიცინო მანიპულაციებს, გაგიკეთებიათ ტატუირება ან პირსინგი ან ხართ სისხლის რეციპიენტი. აივ-ზე, C ჰეპატიტზე და სიფილისზე უფასო და ანონიმური ტესტირებისა და უფასო კონსულტაციისთვის, ასევე, სგგი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე მიმართეთ AHF საქართველოს ტესტირების ცენტრს, მისამართზე: თბილისი, მარი ბროსეს #2 ან დაგვიკავშირდით freehivtest-ge.org.

 

 

 

Businesspartner