ფინანსები
08/10/2020

ვცდილობთ შევაფასოთ ბაზრის პლუს-მინუსები - ნიკოლოზ გაგუა ევრობონდების განაღდებაზე

„დღეს ისეთი საერთაშორისო გარემოა ვეცდებით, მაქსიმალურად ბოლო ეტაპზე მივიღოთ გადაწყვეტილება“, - აცხადებს  ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ გაგუა 500 მლნ დოლარის ევრობონდების განაღდების თემაზე დასმული კითხვის პასუხად.

ევრობონდების განაღდებისთვის რამდენიმე სქემა განიხილება, რომლებსაც საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს.

„ვეცდებით ეს პლიუსები და მინუსები მაქსიმალურად ბოლო ეტაპზე შევაფასოთ, მაშინ როდესაც უფრო იქნება გამოკვეთილი ეკონომიკის დინამიკა,  მსოფლიო ეკონომიკური რელიეფი და რეგიონში არსებული ვითარება“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ნიკოლოზ გაგუამ.

500 მილიონის გასტუმრება საქართველოს მთავრობას 2021 წლის აპრილში უწევს. ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი ამ ბონდების სრულად დაფარვას არ გამორიცხავს, თუ პანდემიის და ეკონომიკური პარამეტრების გაუარესებას არ ექნება ადგილი.

პროექტში, რომელიც საბოლოო სახეს ნოემბერში მიიღებს, 3.2 მლრდ ლარის ვალის აღება და 2.6 მლრდ ვალის გასტუმრებაა ჩადებული. ბიუჯეტის ზრდაში სწორედ დიდი წილი უჭირავს ვალის დაფარვის, უფრო კონკრეტულად ევრობონდების დაფარვისთვის გათვალისწინებულ თანხას. შედეგად, მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ 2021 წელს 55.9%-მდე მცირდება 2020 წლის 57.9%-იანი ნიშნულიდან.

თუმცა ამავე დროს არ გამოირიცხება ამ ვალის რესტრუქტურიზება მოხდეს, რაც ახალი ვალით ძველის გადაფარვას გულისხმობს.

გასულ კვირას, საქართველოს სუვერენული ევროობლიგაცია (GEORG) დაიხურა ფასით 102.28 (+0.16% წინა კვირასთან შედარებით), 2.40%- იანი შემოსავლიანობით. მარტში, პანდემიის დაწყების დროს, შემოსავლიანობის ნახტომისებური ზრდის შემდეგ, საქართველოს ფასიან ქაღალდებზე შემოსავლიანობა ეტაპობრივად ისევ შემცირდა.

ამ ობლიგაციების კუპონის განაკვეთი 6.875% -ია.

 

 

Businesspartner