ფინანსები
02/12/2020

“ვცდილობთ არ დაზიანდეს სახელშეკრულებო სერვისები“ - სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი

ეპიდემიის მართვაში  სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმების იმაზე დიდი რაოდენობაა ჩართული, ვიდრე დაანონსებული იყო. როგორც სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,სანამ ვითარება ასე დამძიმდებოდა,პროცესში ჩართული იყო ჯამში 50-60 ოჯახის ექიმი.

„კომპანიებში ძალიან ბევრი ზარი შედის და ძალიან ბევრს ემსახურებიან. ფაქტია, რომ ვცდილობთ არ დაზიანდეს სახელშეკრულებო სერვისები, ახლა ეს არის ჩვენი ამოცანა. კომპანიები თანამშრომლებს ამატებენ ქოლ-ცენტრებშიც,112-თან ურთიერთობაც იმართება. ბევრი დეტალია,რომელიც გასამართი იყო და მიდის მუშაობა“-აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.

მისი ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანიებს ძალიან მძიმე ვითარებაში უწევთ მუშაობა. თუმცა, ამ ეტაპზე არ მომხდარა ის ფაქტი, რომ დაზღვეულს ვერ მიეღო ის სხვა სერვისი, რომელიც ხელშეკრულებით ეკუთვნის.

„არის პრობლემები ჰოსპიტალიზაციის ნაწილში, თუმცა, რას ვიზამთ, პრიორიტეტი დღეს კოვიდის მართვაა“-აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.

შეგახსენებთ, 26 ოქტომბერს დაანონსდა, რომ სადაზღვევო ინდუსტრია რომ  COVID-19-ის მართვაში ერთვება. ასევე ფუნქციონირებს „ცენტრალური ონლაინკლინიკა“ რომელიც პაციენტების და ასევე, მათთან კონტაქტში, თვითიზოლაციაში მყოფი პირების ბინაზე სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებს, ხოლო მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფს.