ფინანსები
20/09/2023

"ვმოქმედებთ საერთაშორისო სანქციებით" - თიბისი

"თიბისი საერთაშორისო სანქციებით მოქმედებს", - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს"  "თიბისი ბანკში" განუცხადეს.

მათივე განმარტებით, ბანკი ამ დრომდე აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის სანქციების შესაბამისად მოქმედებს. 

"ჩვენ ვმოქმედებთ საერთაშორისო სანქციების, კერძოდ, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის სანქციების შესაბამისად", - აცხადებენ "თიბისი ბანკში". 

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 18 სექტემბერს გამოეხმაურა ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეეზღუდა. კობახიძის თქმით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.

19 სექტემბერს კი სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, რის მიხედვითაც სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.

ახალი ბრძანების თანახმად, სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. შესაბამისად, სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ ტრანზაქციების შეზღუდვა ამოქმედდება მაშინ თუკი ქართული სასამართლო მის წინააღმდეგ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.

Businesspartner