ფინანსები
03/03/2022

ვითიბის მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელს ლიბერთი გადაიბარებს

ვითიბი ბანკის საცალო პორტფელის ბაზისბანკისთვის გადაბარების შემდეგ, ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დეპოზიტებისა და სასესხო პორტფელს ლიბერთი ბანკში გადაინაცვლებს.

ლიბერთიში ამბობენ, რომ ყველა დეპოზიტარის ინტერესი დაცული იქნება, ხოლო მოთხოვნები - მათ შორის, დეპოზიტებზე დარიცხული სარგებელის - სრულად დაკმაყოფილებული. შესაბამისი კომუნიკაცია განხორციელდება თითოეულ მომხმარებელთან. მუშაობა პორტირებაზე დაწყებულია და 3 მარტიდან, ეტაპობრივად, ვითიბი ბანკ ჯორჯიას მცირე და საშუალო ბიზნეს მეანაბრეებსა და მსესხებლებს სს ლიბერთი ბანკი თავის ფილიალებში მოემსახურება. მომხმარებლები დეტალურ ინფორმაციას ასევე მიიღებენ მომსახურე ბანკირებისგან.

ლიბერთი ბანკი არის სიდიდით მესამე სისტემური ბანკი, რომლის აქტივები 3 მილიარდ ლარს შეადგენს და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.

"ახალი ლიბერთის ახალი სტრატეგიის ერთერთ უმთავრეს მიმართულებას წარმოადგენს პორტფელის დივერსიფიკაცია. სწორედ ამიტომ, ჩვენმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება გადმოიბაროს ვითიბი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულება და ამით ხელი შუწყოს საქართველოში მოქმედ ბიზნესებს შეუფერხებლად მუშაობაში. ამას გარდა, სს ლიბერთი ბანკი შესაძლებლობას აძლევს აღნიშნულ პორტფელთან დაკავშირებულ ვითიბი ბანკის თანამშრომლებს გააგრძელონ თავისი საქმიანობა და შემოუერთდნენ ლიბერთის პროფესიონალების გუნდს," - ვასილ ხოდელი, სს ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი.