ფინანსები
17/12/2020

ვინ შეიძლება მივიჩნიოთ გათვითცნობიერებულ ინვესტორად - სებ-მა კრიტერიუმები დაამტკიცა

ეროვნულმა ბანკმა გათვითცნობიერებულ ინვესტორად მიჩნევის წესი დაამტკიცა. 

ასეთ ინვესტორად შესაძლებელია მიჩნეული იყოს, როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირიც.

გათვითცნობიერებულ ინვესტორად შეიძლება მიჩნეული იყოს პირი, რომლის დადასტურებული ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს ან თითოეული წლის წლიური შემოსავალი, ბოლო 3 წლის განმავლობაში, აღემატება 200,000 ლარს.

თუ პირს შეუძლია  საინვესტიციო გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, ფასიან ქაღალდებში/ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირებასთან დაკავშირებული რისკების შეფასება ასეთი პირიც გათვითცნობიერებულ ინვესტორად ჩაითვლება.

მათ შორის, მას უნდა ჰქონდეს  განხორციელებული კვარტალში, სულ მცირე 10 ტრანზაქცია, რომელთა ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს, სულ მცირე, 200 000 ლარს; ასევე უნდა ჰქონდეს ფასიანი ქაღალდებისა და ფინანსური ინსტრუმენტების პორტფელი და საფინანსო სექტორში, სულ მცირე, 1 წლის მუშაობის გამოცდილება ისეთ პოზიციაზე, რომელიც საჭიროებს ფინანსურ ინსტრუმენტებთან/ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ტრანზაქციების/სერვისების შესაბამის ცოდნას.

მიღებული კრიტერიუმებით, გათვითცნობიერებულია ინვესტორია იურიდიული პირი, თუ ის არის ფინანსური ინსტიტუტი, ან  საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი; ან კომპანია, რომლის  საკუთარი კაპიტალის ოდენობა აღემატება 1 მილიონ ლარს; საქართველოს ან უცხო ქვეყნის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანო, მათ შორის, სახელმწიფო ვალის მართვაზე უფლებამოსილი ორგანო და ცენტრალური ბანკი;  საპენსიო სქემის სახელით ან მის სასარგებლოდ მოქმედი პირი.

კანონის მიხედვით, თუ გარიგება დადებულია გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორების მონაწილეობით, საბროკერო კომპანიის ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობის გარეშე, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ვალდებულია საფონდო ბირჟაზე დააფიქსიროს ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და ფასი საფონდო ბირჟის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

 

Businesspartner