ფინანსები
01/12/2020

ვინ რამდენს მიიღებს - სამინისტროებისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი

2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით, შემცირებულია 1,662 მლრდ ლარით და განისაზღვრება 16,758 მლრდ ლარით.

ბიუჯეტის გადასახდელების 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, იზრდება 2,46 მლრდ-ით და 18,384 მლრდ-მდე.

ჯამში, ხარჯების მოცულობა 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 221.9 მლნ ლარით და შეადგენს 12,778 მლრდ ლარს, მათ შორის, 890 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის და მისგან გამოწვეული კრიზისი საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსებისთვის.

ხარჯები სამინისტროების მიხედვით:

ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებები - წინა წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 711 მლნ ლარით და შეადგენს 5,563 მლრდ ლარს, რაც 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 48 მლნ ლარით. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება - განისაზღვრა 2,4 მლრდ ლარით. ასიგნებები 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 551.3 მლნ ლარით.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს - დაფინანსება განისაზღვრა 1,8 მლრდ ლარით, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 263.8 მლნ ლარით, ხოლო წინა წარდგენებთან შედარებით, გაზრდილია 64.5 მლნ ლარით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 463.6 მლნ ლარს, რაც ბიუჯეტის წინა წარდგენებთან შედარებით გაზრდილია 47.8 მლნ ლარით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 469.8 მლნ ლარი, რაც ბიუჯეტის  წინა წარდგენებთან შედარებით გაზრდილია 113.3 მლნ ლარით. მათ შორის გათვალისწინებულია, დამატებით, 85.0 მლნ ლარი ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებების ფარგლებში და ჯამურად  აღნიშნული მიმართულებით დაფინანსება შეადგენს  120.0 მლნ ლარს, მათ შორის, 35.0 მლნ ლარი მცირე გრანტებისთვის, 50.0 მლნ ლარი საკრედიტო-საგარანტიო სქემის დასაფინანსებლად, ხოლო 35.0 მლნ ლარი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერისთვის (2020 წელს დაწყებული პროგრამებით გათვალისწინებული ვალდებულებების გათვალისწინებით);   50 მლნ ლარი ახალი კორონოვირუსის მართვასთან დაკავშირებული კარანტინის ხარჯებისათვის.