ვახტანგ ჭარაია: ლარის გამყარება მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის სასიამოვნო სიურპრიზია
"ლარის გამყარება მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის სასიამოვნო სიურპრიზია,"- ამის შესახებ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანმა ვახტანგ ჭარაიამ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
„ყველას ფსიქოლოგიურად მიაჩნია, რომ თუ ლარი მყარდება, ესეიგი ყველაფერი კარგადაა. გარკვეული დოზით ეს მართლაც ასეა, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ექსპორტიორებიც, რომელთათვის ლარის გამყარება უცხოეთში მათ პროდუქციაზე ფასების ზრდას ნიშნავს. შესაბამისად, ცალსახად იმის თქმა, რომ ოღონდ ლარი გამყარდეს და მერე ყველაფერი კარგად იქნება, სწორი არ არის. თუმცა, რადგან ჩვენ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ, ლარის გამყარება მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მისასალმებელია, განსაკუთღებით იმ პირობებში, თუ ამას პროდუქციაზე ფასების შემცირება მოჰყვება,“-აცხადებს ჭარაია.
რაც შეეხება იმას, თუ რა ამყარებს ლარს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი განმარტავს, რომ ამისთვის უამრავი პარამეტრია. აქედან უმნიშვნელოვანესი კი სტაბილურობის განცდაა და მოლოდინი, რომ ეს სტაბილურობა გაგრძელდება.
„როგორც წესი, ლარზე მოქმედებს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური ფაქტორები (გაცვლით კურსზე მოქმედი ვაჭრობის ელემენტი, ტურიზმის, ფულადი გზავნილების, ინვესტიციების საკითხები). ეს ყველაფერი, ბოოლო პერიოდში პოზიტიური დინამიკით ვითარდება, უმჯობესდება ექსპორტი,ინვესტიციების შარშანდელი მონაცემები ერთ-ერთი საუკეთესო იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში,“-აცხადებს ჭარაია.
ამის გათვალისწინებით, რატომ არ მცირდება პროდუქციაზე ფასები იმ მასშტაბით, როგორც მყარდება ლარი, ჭარაია აღნიშნავს, რომ ფასების კლებას ხელს უნდა უწყობდეს რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის, სატრანზიტო გადაზიდვებზე ფასის კლება, ან იმპორტირებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირება. ასევე გადასახადების შემცირება.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ეროვნული ვალუტა მყარდება. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 15:22 საათისთვის ერთი დოლარი 2.4900 ლარად ივაჭრება.პლატფორმაზე ვაჭრობა 2.4995 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ 27 აპრილის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.4991 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7605 ლარია.