ვახტანგ ბუცხრიკიძე: იპოთეკის სუბსიდირება წაახალისებს როგორც მყიდველს, ასევე დეველოპერს
თიბისი ბანკის CEO მიიჩნევს, რომ იპოთეკურის სესხების სუბსიდირება მნიშვნელოვანია ბაზრის წახალისებისთვის.
ვახტანგ ბუცხრიკიძე შედეგად ორმაგ სარეგებელს ელის. ერთია მომხმარებელი, რომელსაც სასურველი ბინის შეძენაში დაეხმარება, მეორე კი თავად დეველოპერების წახალისება.
„თიბისისთვის სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკის ინვესტიცია ამ სექტორებში მხოლოდ 2019 წლის ივლისიდან 2020 წლის ივნისამდე პერიოდში 721 მილიონ ლარს აჭარბებს. შესაბამისად, ჩვენთვის მისასალმებელია ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ამ სექტორის განვითარებას წაახალისებს. იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა, ერთი მხრივ, დაეხმარება მომხმარებლებს, შეიძინონ სასურველი ბინა, მეორე მხრივ კი, დეველოპერული ინდუსტრიის განვითარებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, სამშენებლო სექტორს ბევრ სხვა ინდუსტრიასთან აქვს გადაკვეთა. ამიტომ, ვფიქრობ, ინიციატივა მნიშვნელოვნად წაახალისებს, როგორც დეველოპერული, ისე სხვა სექტორების წარმატებულ საქმიანობას და დასაქმებას“, - აცხადებს თიბისის გენერალური დირექტორი.
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში უკვე ჩაერთო. პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად წამოიწყო, იპოთეკური სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმუმ 4%-ის დაფინანსებას გულისხმობს, ხუთი წლის განმავლობაში.
პროგრამაში მონაწილეობისთვის, მომხმარებელმა დეველოპერული კომპანიისგან ბინის შესაძენად იპოთეკური სესხით მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა ისარგებლოს. სუბსიდიის მისაღებად, განაცხადის ბოლო დღე 31 დეკემბერია, ხოლო სახელმწიფო საგარანტიო კომპონენტით სარგებლობის ბოლო ვადა - 20 დეკემბერი. თანხის მაქსიმალური მოცულობა 200,000 ლარია, სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა კი- 240 თვე. მომხმარებელმა უზრუნველყოფის სახით შესაძენი ქონების მინიმუმ 10%-ის ფულადი სახსრები უნდა წარადგინოს. გარდა ამისა, თანამონაწილეობა უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტურად. პროგრამა ვრცელდება მხოლოდ სესხებზე ეროვნულ ვალუტაში.