უმოქმედო სესხების მოცულობა შესაძლოა 10%-მდე გაიზარდოს
საბაზო სცენარით უმოქმედო სესხების მოცულობა შესაძლოა 10%-მდე გაიზარდოს. სტრესულ სცენარში კი, ასეთი სესხების მოცულობა შესაძლოა 17%-იც იყო. ამ ნეგატიურ სცენარში ეკონომიკის მყისიერი აღდგენა არ ხდება, შესაბამისად, მსესხებლების გადახდისუნარიანობაც შესუსტდება.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ არსებული სტატუს ქვო შენარჩუნდა, ცენტრალური ბანკი არ ელის, რომ სესხების დანაკარგებზე შექმნილი 1.2 მილიარდიანი რეზერვის გაზრდის აუცილებლობა დადგება.
პაპუნა ლეჟავა განმარტავს, რომ მარტში მოხდა რეზერვის შექმნა ისე რომ არ ყოფილა კონკრეტული სესხების იდენტიფიცირება.
„ახლა ხდება ამ რეზერვის ალოკაცია კონკრეტულ სესხებზე“, - ამბობს პაპუნა ლეჟავა და განმარტავს, რომ ეს ზარალი უკვე ასახულია საბანკო სექტორის მაჩვენებლებში და კორექტირებას არ ელიან.
აღსანიშნავია, რომ საბაზო სცენარით 2020 წელს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, ალტერნატიული სცენარებით ვარდნა შესაძლოა 7% ან 9% -იანი იყოს.