თურნავა: სებ-ის მთავარი საზრუნავი ახლა პოზიტიური სტატუსკვოს შენარჩუნებაა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ მარეგულირებლის მთავარი საზრუნავი ახლა პოზიტიური სტატუსკვოს შენარჩუნებაა.
როგორც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ნათია თურნავამ განაცხადა, ძირითადი ყურადღება ასევე გამახვილებულია ადგილობრივი ინფლაციის შემცირების ტემპებზე.
"ჩვენი ყურადღება ახლა გამახვილებულია ტემპებზე. ვხედავთ, რომ ადგილობრივი საქონლის ინფლაცია მიყვება იმპორტირებულს, უბრალოდ გვინდა რომ დავინახოთ უფრო სწრაფი ტემპი. მთავარია, ჩვენი ნაბიჯებით შევინარჩუნოთ პოზიტიური სტატუსკვო, რაც გულისხმობს ინფლაციის შემცირებას და მაღალი ეკკონომიკური ზრდის შენარჩუნებას. ეს არის დადებითი ბალანსი მოსახლეობისთვის, თუმცა მოითხოვს ფრთხილ ნაბიჯებს. ჩვენი საფინანსო სისტემისთვის მნიშვნელოვანია, რომ თანდათან გამოვიდეთ მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან. ჩვენ ამას ვაკეთებთ, თუმცა განსაკუთრებით გარე ფაქტორების გათვალისწინებით, გავაკეთებთ ფრთხილი, ეტაპობრივი ბიჯებით,“-აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე განმარტებით, საქართველოში ბოლო პერიოდში იმპორტული ასევე ადგილობრივი წარმოების პროდუქტი იაფდება.
„იმპორტული პროდუქციის ფასებს აქვს განსაზღვრელი როლი ინფლაციაში. მნიშვნელოვანია, რომ მყარი ლარის ფონზე იმპორტული ინფლაცია არის მკვეთრად შემცირებული, არათუ არ იზრდება, არამედ მცირდება კიდეც. მაგალითად, საწვავზე ამ თვეების განმავლობაში პერიოდულად იყო ფასების შემცირება და ეს პირდაპირ კავშირშია საერტაშორისო ბირჟებზე ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების შემცირებასთან, ასევე ეროვნული ვალუტის გამყარებასთან. ამასთანავე, მთელ რიგ საკვებ პროდუქტებზე, ზეთზე და სხვა სეზონურ თუ არასეზონურ საკვებ პროდუქტებზე ხდებოდა ფასების შემცირება.
ინფლაციის შემცირებაში განმსაზღვრელი როლი მედიკამენტები გაიაფებასაც აქვს. ამ სფეროში გატარებული რეფორმის შედეგად, მთელ რიგ მედიკამენტებზე ფასები არის შემცირებული. მათ შორის ანტიბიოტიკებზე, ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებზე და სხვა. ჩვენი მოლოდინი არის რომ ინფლაცია მიზნობრივზე დაბალი იქნება და 2024 წლის ბოლოდე მიუახლოვდება მიზნობრივ 3%-ს.“-აღნიშნა ნათია თურნავამ.