ფინანსები
17/10/2023

"თუ ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება, 2030 წლისთვის საქართველოს მშპ, ერთ სულზე, $15 000-ს გადააჭარბებს"

"საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს განვითარების ტემპს პოზიტიურად აფასებს,"-ამის შესახებ გადაცემა "ბიზნეს პოსტთან" ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, სავალუტო ფონდმა 2022-2028 წლის პროგნოზი განაახლა, სადაც მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) ზრდის  სამ მიმართულებაში ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს.  კვლევის თანახმად, საქართველო 1 სულ მოსახლეზე რეალური ზრდის ტემპის მიხედვით მსოფლიოში მეორე, ხოლო აღმოსავლეთ ნახევარსფეროში პირველ ადგილზეა.

"მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, საქართველოში როგორც მუდმივ, ასევე ნომინალურ ფასებში, 2022-2028 წლებში 1 სულ მოსახლეზე ზრდის ტემპი ფიქსირდება.

ყურადღება მინდა გავამახვილო ასევე დოლარში მშპ-ზე, სადაც სავალუტო ფონდის 2022-2028 წლების შეფასების თანახმად, ერთ სულ მოსახლეზე დოლარში მიმდინარე ფასებში, ეკონომიკა 136%-ით იზრდება, რაც წელიწადში დაახლოებით 13%-იანი ზრდაა,"-აცხადებს დუნდუა.

მისივე ცნობით, თუ ტენდენცია ამ ტემპით შენარჩუნდება, 2030 წლისთვის საქართველოს მშპ, ერთ სულზე, 15 ათას დოლარს გადააჭარბებს და ქვეყანა მაღალშემოსავლიანი ქვეყნების კატეგორიაში გადავა.

რაც შეეხება უცხოურ ინვესტიციებს, დუნდუა ვარაუდობს, რომ უცხოური ინვესტიციები გასული წლის მსგავსად 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. აღნიშნული მონაცემები კი, საბოლოო ჯამში ინვესტორების მოზიდვასა და მათთვის სტიმულის მიცემას შეუწყობს ხელს, რომ მეტი ინვესტიცია განახორციელონ.