ციფრული ლარის მოლოდინში
ეროვნული ბანკის მიერ დაწყებული ციფრული ლარის პროექტი მალე განვითარების ახალ ეტაპზე გადავა. მარეგულირებელმა ბაზრის შესაძლებლობების შესწავლა თითქმის დაასრულა.
ციფრული ვალუტის შექმნის იდეით 80-მდე ტექნოლოგიური კომპანია დაინტერესდა, რომელთა უმრავლესობაც საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს. კომპანია, რომელთან ერთადაც ეროვნული ბანკი ციფრული ლარის პროექტს განახორციელებს შერჩეული არ არის, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ადგილობრივ ფინტექ კომპანიებს ჯერჯერობით ამ ტიპის პროექტებში მონაწილეობის მცირე გამოცდილება აქვთ, პროექტის ძირითადი პარტნიორი სავარაუდოდ უხოური კომპანია იქნება.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, ეროვნული ბანკი ციფრული ლარის საპილოტე პროექტს უკვე შემდეგი წლიდან დაიწყებს და შესაბამისად მოხდება ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ციფრული ლარის რეალურ რეჟიმში ტესტირება.
“საპილოტე პროექტის წარმატებულად განხორციელებაზეა სწორედ დამოკიდებული ციფრული ლარის საბოლოო გამოშვება და მისი გადახდის საშუალებად მიმოქცევაში ჩაშვება. ნაღდ ფულთან შედარებით ციფრული ვალუტის საოპერაციო ხარჯები გაცილებით დაბალია.
კვლევების მიხედვით, ციფრული ლარის გამოყენება იმ ხარჯების დაახლოებით 15%-ს შეადგენს, რაც საჭიროა ნაღდი ფულის შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ ციფრული ლარი იქნება უფრო იაფი, სწრაფი გადახდის საშუალება. მისი მთავარი უპირატესობა იმაშია, რომ ის საფუძველს ჩაუყრის ფინტეკ ეკოსისტემის განვითარებას,“ - განმარტა პაპუნა ლეჟავამ.
მისივე ინფორმაციით, ცენტრალური ბანკების 80% სხვადასხვა ფორმით ჩართულია საკუთარი ქვეყნის ეროვნული ციფრული ვალუტის შემუშავების პროცესში.
„ვცდილობთ ფეხი ავუბათ დანარჩენ მსოფლიოს. ცენტრალური ბანკების 80% რაღაც ფორმით მუშაობს ციფრულ ვალუტაზე. ზოგი კვლევით ეტაპზეა, ზოგი საპილოტე რეჟიმისთვის ემზადება, ზოგმა გატესტა საპილოტე რეჟიმი. არის რამდენიმე ქვეყანა, რომელმაც აქტიურ ფაზაში შემოიღო ციფრული ვალუტა, მათ შორისაა ჩინეთი და ბაჰამა,“-აღნიშნა პაპუნა ლეჟავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკი პირველ ეტაპზე ციფრული ლარის მცირე მოცულობას გამოუშვებს. მის რაოდენობას კი ცნობადობის ზრდასთან ერთად ეტაპობრივად გაზრდის. ციფრული ლარი ეროვნული ვალუტის ექვივალეტი იქნება და მას უცხოურ ვალუტებთან მიმართებით ზუსტად ისეთივე გაცვლითი კურსი ექნება როგორც ეროვნულ ვალუტას.
შეგახსენებთ, რომ ციფრული ლარის გამოშვების იდეა ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს გააჟღერა. ზუსტი თარიღი თუ როდის ექნება საქართველოს ციფრული ვალუტა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდო პერიოდად შემდეგი წელი განიხილება.