ფინანსები
11/05/2021

ციფრული ლარის გამოშვებას სებ-ი 2022 წლის ზაფხულისთვის აანონსებს

„ვქნით ლარის ახალ ფორმას, რომელიც ვფიქრობთ, უფრო მიმზიდველი იქნება მომხმარებლებისთვის“, - ეროვნული ბანკი ციფრული ლარის საპილოტე რეჟიმის აქტიური გაშვების ფაზას 2022 წლის ზაფხულისთვის აანონსებს, მანამდე კი, პარტნიორი ფინტექ-კომპანიების მოძიების პროცესშია.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პაპაუნა ლეჟავას განმარტებით, ციფრულ ლარს ექნება გადახდის და დაგროვების ფორმა, ასევე ელექტრონულ საფულეში არსებულ ელექტრონული ვალუტის ნაშთს პროცენტიც უნდა დაერიცხოს. შესაძლებელი იქნება ციფრული ლარით სესხის აღებაც.

„ციფრულ ლარზე შესაძლებელი უნდა იყოს პროცენტის დარიცხვა - მაგალითად,  დღეს თუ გვაქვს 100 ლარი, ერთი წლის შემდეგ ის გახდეს მაგალითად, 109 ლარი. ციფრული ლარი არ იქნება განყენებული სისტემა, ის  იქნება თავსებადი,  როგორც გადარიცხვების დღევანდელ სისტემასთან, ასევე სხვადასხვა ფორმით ინტეგრირებული იქნება „ქეშთანაც“, - განმარტა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ და აღნიშნა, რომ პარალელურად, ლარი ფიზიკური ფორმითაც იარსებებს და მის სრულად ჩანაცვლებაზე საუბარი არ არის.

ეროვნული ვალუტის გაციფრულებას და სისტემას, რა თქმა უნდა, აქვს რისკებიც, რომლის განეიტრალებაზე ზრუნვა საწყის ეტაპზევე სებ-ის პრიორიტეტებს შორისაა. სწორედ ამიტომ, ციფრული ლარის გამოყენებას გარკვეული შეზღუდვები დაუწესდება.

„რისკების შესაზღუდად გვინდა გვქონდეს შესაძლებლობა ციფრული ლარის გამოყენება იყოს შეზღუდული, მაგალითად, თითოეულ ტრანზაქციაზე არ შეიძლებოდეს განსაზღვრულ ლიმიტზე მეტი თანხის გადარიცხვა, ან ელექტრონულ საფულეში დაწესებულ ლიმიტზე მეტი მოცულობის ციფრული ლარის შენახვა. საწყის ეტაპზე ნამდვილად იქნება ეს შეზღუდვები, გრძელვადიან პერიოდში კი, ამის საჭიროებას გვაჩვენებს საპილოტე რეჟიმი, რამდენად მდგრადი იქნება მთელი ეს სისტემა კიბერშეტევების მიმართ“, - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

მისი განმარტებით, ინფორმაციის დაგროვება მოხდება ციფრული ლარის ოპერატორის მიერ,  რომელიც დიდი ალბათობით იქნება ეროვნული ბანკი, მაგრამ სებ-ი არც იმას გამორიცხავს, რომ პროცესში ჩაერთოს ლიცენზირებული ოპერატორი.

აღსანიშნავია, რომ ციფრული ლარით დაგროვება, გადარიცხვა, თუ სხვა ოპერაციები კომერციული ბანკების გვერდის ავლით გაკეთდება. კითხვაზე ხომ არ კარგავენ ბანკები შუამავლის როლს, პაპუნა ლეჟავა მიიჩნევს, რომ ეს ბანკები და ფინანსურ - ტექნოლოგიური კომპანიები ამ პროცესში მათი პარტნიორები არიან და ციფრული ლარი მათ შესაძლებლობას აძლევს ახალი პროდუქტები და სერვისები შექმნან.

„ვფიქრობთ, ეს უფრო მეტ შესაძლებლობებს ქმნის ბანკებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ბანკები ყველაზე მსხვილი ინვესტორები არიან ტექნოლოგიებში, რადგანაც წლების შემდეგ ბანკების და ფინანსების წარმოდგენა ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელი იქნება. ჩვენ ვქმნით ისეთ პროდუქტს, რომელიც ტექნოლოგიებთან უფრო კარგად იქნება თავსებადი, ვიდრე ნაღდი ფული. ვფიქრობ, ეს ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ბანკებისა და ფინტექ-კომპანიებისთვის“, - მიიჩნევს პაპუნა ლეჟავა.  

 

Businesspartner