ფინანსები
15/12/2020

წელს 50,000-ზე მეტ გადამხდელს ₾400 მლნ-ზე მეტი საგადასახადო ვალდებულება გადაუვადდა

პანდემიის საპასუხოდ ქვეყანამ შეძლო საკმაოდ დიდი მოცულობის რესურსების მოძიება, რაც იმ ჯანსაღი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების შედეგია, რაც საქართველოს პანდემიის დაწყებამდე ჰქონდა- განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა უწყების 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციისას. 

მისი თქმით, საქართველომ შეძლო შეენარჩუნებინა საკრედიტო რეიტინგები. ფინანსთა მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საბიუჯეტო პარამეტრებზე და აღნიშნა, რომ პანდემიამდე პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა მიმდინარე ხარჯები და გაიზარდა კაპიტალური ხარჯები მშპ-ს 8.5 პროცენტამდე, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში, ასევე მნიშვნელოვანია, რომ დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა საბიუჯეტო დეფიციტი.

ივანე მაჭავარიანის თქმით, გასულ წელს საქართველოს ჰქონდა საგადასახადო შემოსავლების უპრეცედენტოდ მაღალი გადაჭარბება 600 მლნ ლარის ოდენობით. პრეზენტაციის დროს ივანე მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო დახმარებებზე და აღნიშნა, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა რომლის ანტიკრიზისული პროგრამა დაამტკიცა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა.

როგორც მან აღნიშნა, უკვე ხელმოწერილია შეთანხმებები, რომლის ჯამური მოცულობა 1.9 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ფინანსთა მინისტრმა ასევე დეტალურად ისაუბრა სამ ძირითად მიმართულებაზე, რომელზეც ბიუჯეტიდან მიიმართა დამატებითი თანხები პანდემიის წინააღმდეგ - ესაა ჯანდაცვა, მოქალაქეების და ბიზნესის მხარდაჭერა. პანდემიაზე რეაგირების მიზნით, ჯანდაცვის ნაწილში გამოიყო დამატებით 420,0 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო პანდემიით დაზარალებული მოქალაქეების დახმარებისთვის, ბიუჯეტიდან გამოიყო 1 მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტი.

ბიზნესის მხარდაჭერაზე გამოიყო მილიარდ 600 მილიონ ლარზე მეტი. განხორციელდა საშემოსავლო და ქონების გადასახადის შეღავათები, რომლითაც სარგებლობს 33 ათასზე მეტი კომპანია, 425 ათასზე მეტ სამუშაო ადგილზე და ა.შ.

მისი თქმით, 2020 წლის განმავლობაში 50,000-ზე მეტ გადამხდელს სხვადასხვა ფორმით ჯამურად გადაუვადდა 400 მილიონ ლარზე მეტი საგადასახადო ვალდებულება. RS.ge-ზე შეიქმნა ახალი ელექტრონული სისტემები, რამაც შეუფერხებლად უზრუნველყო კომპენსაციების გაცემა და საგადასახადო შეღავათების გამოყენება.