ფინანსები
04/10/2023

თორნიკე რევიშვილი: ახლა ჩვენი ფოკუსი დერივატიული ბაზრისთვის გარემოს შექმნაა

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

"ახლა ჩვენი ფოკუსი დერივატიული ბაზრისთვის გარემოს შექმნაა,"- ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორი პიკის საათში" ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, თორნიკე რევიშვილმა განაცხადა.

კაპიტალის ბაზარი აკავშირებს ერთმანეთს ორ მხარეს: მათ, ვისაც სურთ დაფინანსების მოპოვება და მათ, ვისაც სურთ საკუთარი ფულადი სახსრების დაბანდება სასურველი უკუგებით. მისი შექმნა კი,  საქართელოში უცხოური ინვესტიციების ზრდას ხელს შეუწყობს და ფინანსებზე წვდომას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც ადგილობრივი ბიზნესისთვის, ისე სახელმწიფო ადმინისტრირებისთვის.

როგორც ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი განმარტავს, კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის სამი ბარიერია დასაძლევი. ესენია: სამართლებრივი ბარიერი საკანონმდებლო სფეროდან, ინფრასტრუქტურული პროექტების გაძლიერება და განათლების მიმართულება.

"ეროვნულ ბანკს, USAID-თან ერთად, დერივატივებთან დაკავშირებით ტრენინგები ჰქონდათ,  რომლის ფარგლებშიც, white & case-ის ცნობილი იურიდიული ფირმის წარმომადგენლები ერთი კვირის განმავლობაში იყვნენ ჩამოსულები. ჩვენ, ფინანსურ სექტორთან, საპენსიო სააგენტოსთან, კომერციულ ბანკებთან, საბროკერო კომპანიებთან, ასევე კორპორაციებთან, იურიდიულ ფირმებთან და ფინანსურ კონსულტანტებთან აღნიშნულ თემაზე ვიმუშავეთ, რადგან მნიშვნელოვანია, რომ  მათ ზუსტი ინფორმაცია მიეწოდოთ,"-აცხადებს რევიშვილი.

მისივე ინფორმაციით, კაპიტალის ბაზრის განვითარება ისე, რომ ყველა მხარე კმაყოფილი დარჩეს რთულად პროგნოზირებადი საკითხია, რადგან აღნიშნული თემა ბევრ ფაქტორებზეა დამიკიდებული. მაგალითისთვის, ბიზნესების უდიდესი ნაწილისთვის, გამოწვევაა სავალუტო კურსისა და საპროცენტო განაკვეთის ცვალებადობის რისკები, რაც ბიზნესებს რაიმეს პროგნოზირებას ურთულებს. სწორედ ამიტომ, ეროვნული ბანკისთვის, რისკების ეფექტურად სამართავად, დერივატიული ინსტრუმენტების სწორად გამოყენება მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ბარიერების გადალახვას, რევიშვილის განცხადებით, სამართლებრივი ბარიერი 2019 წელს მოაგვარეს და ამჟამად ორი კომპონენტის, ინფრასტრუქტურისა და განათლების საკითხების მოგვარებაზე აქტიურად მიდის მუშაობა.

ცნობისთვის, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშემშლელი ფაქტორები გამოიკვლია, რომელთა შორისაა, მსხვილი ინსტიტუციური ინვესტორების არ არსებობა ბაზრის მოთხოვნების მხარეს, ასევე განუვითარებელი მიწოდების მხარე, რაც ქართული კომპანიების ინვესტორებისთვის მოუმზადებლობას გულისხმობს, ვალების მეორადი ბაზრის არ არსებობა, რომელიც ვალდებულებებს გაალიკვიდურებდა, მათი საინვესტიციო ინსტრუმენტად გარდაქმნის გზით.

გარდა ამისა, გამოწვევაა საჯარო კაპიტალის ინსტრუმენტის არ არსებობა და პროფესიონალების ნაკლებობა. ასევე,  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება არის უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტების რეგულირება და სხვა საკანონმდებლო აქტებზე მუშაობაა, რომლებიც შექმნიან ლეგალურ სტრუქტურას ინვესტორების უსაფრთხო მონაწილეობისთვის საინვესტიციო პროცესებში.

 

 

Businesspartner