თიბისიმ Global Finance-ის რამდენიმე ჯილდო მოიპოვა
თიბისიმ, მსოფლიოს ავტორიტეტული გამოცემის - Global Finance-ის 21-ე დაჯილდოებაზე, რამდენიმე ჯილდო მოიპოვა.
თიბისი მსოფლიოში 2020 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა კორპორატიული ციფრული ბანკების კატეგორიაში - სოციალური მედიის, მარკეტინგული კომუნიკაციებისა და სერვისებისთვის. ასევე, კომპანიამ ფიზიკური პირებისთვის მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის ტიტული მოიპოვა. აღნიშნულ კატეგორიაში თიბისიმ რეგიონალური ჯილდოც აიღო, როგორც საუკეთესო კორპორაციულმა ციფრულმა ბანკმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
საერთაშორისო აღიარება თიბისიმ ციფრული კომუნიკაციების ძლიერი სტრატეგიისთვის, ციფრული არხებისა და სერვისების მომხმარებლების რაოდენობის ზრდისთვის, წარმატებული ციფრული ინიციატივებისთვის, ასევე ციფრული არხების დიზაინისა და პრაქტიკულობისთვის მიიღო.
“წელს, გლობალურმა პანდემიამ ციფრულ საბანკო მომსახურებაზე გადასვლა დააჩქარა, თუმცა წინდახედულ ბანკებს უკვე არჩეული ჰქონდათ აღნიშნული გზა. ციფრული ბანკების კატეგორიაში ის ფინანსური ინსტიტუტები დავაჯილდოვეთ, რომლებიც წარმატებით ინტეგრირდნენ თანამედროვე მომხმარებლებისა და სამყაროს საჭიროებებთან“, - ჯოზეფ დ. გიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და რედაქტორი.
ავტორიტეტული გამოცემის თანახმად, თიბისი საუკეთესო ბიზნეს და კორპორატიულ ციფრულ ბანკად დასახელდა ცენტრალურ ევროპაში. თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკმა 2020 წელს არაერთი პროდუქტული და სერვისული სიახლე დანერგა, ასევე ისეთი ხელსაწყოები, რაც ბიზნესს საქმიანობას უმარტივებს და თანხვედრაშია თიბისის მისიასთან - გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება.
თიბისიმ ქვეყნის მასშტაბითაც მოიპოვა 2 ჯილდო.
საერთაშორისო გამოცემამ თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა. აღიარება თიბისიმ ზედიზედ უკვე მეორედ მიიღო, პერსონალურ საბანკო მომსახურებაში წამყვანი პოზიციის და მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებისთვის.
წელს თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება ტრანსფორმაციის შემდეგ საფეხურზე გადავიდა და გამოწერის ინოვაციური მოდელი დანერგა. ახალი კონცეფცია მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და სურვილებზე უფრო მეტადაა მორგებული და მათ შესაძლებლობას აძლევს, მათთვის სასურველი და ხშირად გამოყენებადი მომსახურებებისა და პროდუქტების ნაკრები გამოიწერონ.
თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო პროვაიდერადაც დასახელდა. საერთაშორისო აღიარება თიბისიმ ვალუტის გაცვლითი ტრანზაქციების მოცულობის, ბაზრის წილის, გლობალური დაფარვის არეალის, მომხმარებლებისთვის შეთავაზებული გამორჩეული მომსახურების, კონკურენტული ფასებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით მიღწეული წარმატებისთვის მოიპოვა.
„მოხარული ვართ, რომ თიბისიმ, რამდენიმე მიმართულებით მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. აღნიშნული ჯილდოები ციფრული კომუნიკაციების, პერსონალური საბანკო მომსახურების, ბიზნესებისთვის შექმნილი ინტერნეტბანკისა და ვალუტის გაცვლითი სერვისების მიმართულებებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მისიის შესაბამისობას თანამედროვე მომხმარებელთან - გავუმარტივოთ მათ ცხოვრება და ასევე ჩვენი გუნდის თავდაუზოგავ შრომას - მომხმარებლებს მათზე მორგებული, საუკეთესო სერვისები და პროდუქტები შევთავაზოთ. აღნიშნული ჯილდოები ასევე იმის მტკიცებულებაა, რომ თიბისი წარმატებით ასრულებს გაციფრულებისა და დისტანციური არხების განვითარების სტრატეგიას. არსებულმა რეალობამ აღნიშნული პროცესი უბრალოდ დააჩქარა. თიბისი სრულიად მზად აღმოჩნდა ახალი გამოწვევების წინაშე და ოპერაციების კუთხით შეფერხება არ გვქონია. თიბისი, როგორც ერთგული ფინანსური პარტნიორი, მხარს უჭერს თითოეულ პარტნიორ კომპანიას, ბიზნესსა თუ ცალკეულ მომხმარებელს სწორედ იმ სერვისებით, რომლებმაც ეს მნიშვნელოვანი ჯილდოები მოიპოვა“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
საერთაშორისო ფინანსური ჟურნალი Global Finance 1987 წელს დაარსდა და ის 50,000-ზე მეტი ტირაჟით გამოიცემა მსოფლიოს 188 ქვეყანაში. გამოცემა უკვე 20 წელზე მეტია სხვადასხვა ნომინაციაში მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს ასახელებს. წლების განმავლობაში, თიბისის Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.