ფინანსები
28/10/2020

თიბისი ლიზინგმა ფოთში ახალი თევზსაჭერი გემის მშენებლობა დააფინანსა

აქ, ახლა, ფოთში, თიბისი ლიზინგის ჩართულობით, რამდენიმე წლის შემდეგ პირველად დაფინანსდა ახალი თევზსაჭერი გემის მშენებლობა.
 
სამმხრივ მემორანდუმს ხელი მოაწერეს თიბისი ლიზინგის, აწარმოე საქართველოსა და თევზსაჭერი გემის მფლობელის წარმომადგენლებმა.
 
დღესდღეობით, საზღვაო თევზჭერა შედის აწარმოე საქართველოს პროგრამის მხარდასაჭერი ბიზნესების სიაში, რაც ნიშნავს, რომ ამ მიმართულების ფლოტი მნიშვნელოვნად განახლდება და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.
 
თიბისი ლიზინგი მხარს უჭერს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის პრიორიტეტულ ბიზნესებს, მათ შორის საზღვაო თევზჭერას და აფინანსებს მათი საქმიანობისთვის საჭირო მექანიზმიან აქტივებს.
 
 

საზღვაო სფეროში თევზჭერის მიმართულების განვითარებისათვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტს სააგენტოსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ერთობლივი მუშაობის შედეგად პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ თევზჭერის მიმართულება დაემატა. პროგრამის ხელშეწყობით თევზმჭერი ფლოტი მნიშვნელოვნად განახლდება და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა თევზჭერის პროდუქტების ასორტიმენტისა და გაყიდვების გეოგრაფიის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს.

აღსანიშნია, რომ ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის მეთევზე-მეზღვაურთა ლაბორატორიისათვის მეთევზის სიმულატორის შეძენა სწორედ მეთევზე-ლიცენზიანტების ფინანსური მხარდაჭერით მოხერხდა. თანამედროვე სიმულატორი ყველა კომპეტენციის შესაბამისი პრაქტიკული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობას იძლევა. ფოთის საზღვაო სასწავლებელი უახლოეს მომავალში ქვეყნის საზღვაო თევზჭერის დარგს კვალიფიციური კადრებით მოამარაგებს.