თიბისი კაპიტალი Global Finance-მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
საერთაშორისო გამოცემამ - Global Finance, თიბისი კაპიტალი საქართველოში 2021 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. გამოცემამ წელს 22-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით.
Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ ჟიურისთან ერთად, 2020 წლის განმავლობაში როგორც დაგეგმილი, ასევე დასრულებული გარიგეგები განიხილეს და გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინეს: ბაზრის წილი, გარიგებების რაოდენობა და მოცულობა, მომსახურება და რჩევები, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, ინოვაციური მიდგომა, კონკურენტუნარიანი ფასები და რეპუტაცია ბაზარზე.
„მსოფლიო მასშტაბით, მსხვილ სექტორებში კონსოლიდაციის მოლოდინი დიდია. სწორედ ამიტომ, საინვესტიციო ბანკები წამყვან როლს შეასრულებენ პოსტპანდემიური ეკონომიკის ფორმირების პროცესში. კომპანიებს, ისე როგორც არასდროს, ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ საინვესტიციო ბანკების სპეცილისტები და მათი უნარები, რაც არსებული ვითარებისთვის საჭირო შესაძლებლობებს ქმნის. Global Finance-ის ჯილდო ღირებული გზამკვლევია ახალ რეალობაში“, - ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.
„თიბისი კაპიტალი აქტიურად ზრდის კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების ცნობადობას და კორპორაციების წვდომას დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე. შედეგად, გასული წლის განმავლობაში, 1 მილიარდ ლარამდე მოცულობის ობლიგაციები გამოვუშვით. აღსანიშნავია ისიც, რომ თიბისი კაპიტალი კრიზისულ პერიოდში აქტიურად აქვეყნებდა კვლევებს სხვადასხვა მიმართულებით, რაც ჩვენს ბიზნეს პარტნიორებს გადაწყვეტილების მიღებას უმარტივებდა“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
2020 წელს, თიბისი კაპიტალის დახმარებით, თიბისი ლიზინგმა საფონდო ბირჟაზე - 58,4 მილიონი ლარის ობლიგაციები, საინვესტიციო კომპანია საქართველოს კაპიტალის ჰოლდინგურმა კომპანიამ - Georgia Global Utilities კი (რომელიც წყლის, წყალარინებისა და ენერგეტიკულ აქტივებს მართავს), ირლანდიის საფონდო ბირჟაზე 250 მლნ დოლარის საერთაშორისო მწვანე ევროობლიგაციები განათავსა. ასევე, თიბისი კაპიტალმა წარმატებით დახურა ორი კერძო განთავსება - ჯამში 25 მილიონი დოლარის ოდენობით.
აქტიური საინვესტიციო საქმიანობის პარალელურად, თიპისი კაპიტალმა კრიზისულ ვითარებას პანდემიის პირველივე დღეებში უპასუხა. პირველი ვებინარი ეკონომიკაზე COVID-19-ის გავლენის შესაფასებლად, აპრილში ჩატარდა. წლის განმავლობაში თიბისი კაპიტალმა ონლიან კონფერენციას სხვადასხვა ბიზნესსექტორთან დაკავშირებული მოლოდინებისა და სავარაუდო სცენარების შესახებ, 6-ჯერ უმასპინძლა. ამასთანავე, თიბისი კაპიტალი ახლაც განაგრძობს ეკონომიკის აღდგენის დინამიკის შესახებ ყოველკვირეული ანგარიშების მომზადებას, რომლებიც კომპანიებისთვის დამატებითი ინსტრუმენტია არსებული მდგომარეობის შესაფასებლად და საქმიანობის უკეთ დასაგეგმად.