"თიბისი დაზღვევის“ COVID ფონდმა ინფიცირებულ 90 მედიკოსს 300 000 ლარის კომპენსაცია გადაუხადა
“თიბისი დაზღვევის“ COVID-19-თან მებრძოლი სამედიცინო პერსონალის დასახმარებლად სპეციალურ ფონდში არსებული თანხა სრულად გახარჯულია.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „თიბისი დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა პაატა ღაძაძემ განუცხადა, ინფიცირებულ მედპერსონალს 300 000 ლარი გადაეცა.
ღაძაძის განცხადებით, ფონდი პროგრამის #თიბისიშენთვის ფარგლებში შეიქმნა და 10 000 ლარამდე კომპენსაციას ითვალისწინებდა ვირუსით დაინფიცირებული ექიმების, ექთნებისა და სანიტრებისთვის.
ფონდის დახმარება მიიღო 90-მა ადამიანმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობისათვის იბრძვის და საკუთარ და ოჯახის წევრების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს.
„ივლისში ეს ფონდი სრულად გაიხარჯა. უფრო მეტიც, ლიმიტები არ ეყო ბოლოს და შევამცირეთ გასაცემი თანხა თუ არ ვცდები 2 000 ლარამდე,“ - აცხადებს ღაძაძე.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა კიდევ მსგავსი ინიციატივის გაგრძელება, ღაძაძე აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს ფონდი ასეთი ფორმით აღარ იქნება, თუმცა, მიდის მუშაობა რამდენიმე ვერსიაზე, ფორმატსა და საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
„მათ შორის შეიძლება თიბისი ჯგუფში ერთობლივად მოვიფიქროთ სხვა ფორმატი. ახლა ძალიან ბევრი მხარეა ჩართული და ვფიქრობთ, რომ ეს სავარაუდოდ პროდუქტის სახეს მიიღებს,“ - აცხადებს ღაძაძე.
ვირუსის დადასტურებისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, კომპენსაციის სისტემა სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე და საბუთების წარდგენისთანავე მოქმედებდა.
პროგრამა #თიბისიშენთვის COVID-19-ის შედეგებთან საბრძოლველად 2020 წლის მარტში შეიქმნა. მისი მიზანია ვირუსის შედეგებით დაზარალებული ბიზნესებისთვის და ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება.