"თიბისი დაზღვევა" ჯანმრთელობის დაზღვევას 8-10%-ით აძვირებს
სადაზღვევო პაკეტები ძვირდება. მზღვეველები მომხმარებლებს ხელშეკრულებების გაგრძელებას ახალი პირობებით სთავაზობენ. ფასების გადახედვა ძირითადად, ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებას ეხება.
„თიბისი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი პაატა ღაძაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ კომპანიას ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის დაახლოებით 8-10%-ით გაძვირება ყველა შემთხვევაში მოუწევს. მისი ინფორმაციით, სადაზღვევო პოლისების ტარიფების გადახედვის პროცესი უკვე დაწყებულია.
“ჩვენ ბიუჯეტური ტიპის დაზღვევაზე არ ვართ ორიენტირებული, სახელმწიფო ორგანიზაციებთან არ ვართ, შესაბამისად, დაბალფასიანი პაკეტები არ გვაქვს. იმის გამო, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ფასები, შესაბამისად გვიწევს ფასების გადახედვა. ასევე მოქმედებს ლარის ფაქტორიც. ჩვენ ფასს ვაფიქსირებთ 1 წლით ადრე, რეალურად გადახდა ხდება ყოველთვიურად, დროში გაწერილად, ამიტომ, ლარის კურსის გამო გვიწევს გარკვეული რეზერვის ამაზე მიმართვა,“ - აცხადებს ღაძაძე.
რაც შეეხება ჯანმრთელობის დაზღვევის გარდა სხვა პოლისებს, ღაძაძე აცხადებს, რომ მსესხებლების სიცოცხლის დაზღვევის ნაწილში მოსალოდნელია ტარიფების 5-10%-იანი ზრდა.
„ავტომანქანების დაზღვევაში არ ჩანს ასეთი მოლოდინი, რომ უნდა გაიზარდოს ფასი. პირიქით, აქ პენეტრაციაა გასაზრდელი, რადგან ძალიან ცოტა მანქანაა დაზღვეული,“ - აცხადებს ღაძაძე.
შეგახსენებთ, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, სადაზღვევო კომპანიების 2020 წლის ფინანსურ შედეგებს უახლოს მომავალში გამოაქვყნებს. 2020 წლის 9 თვის მონაცემებით კი სადაზღვევო ინდუსტრიამ 513,4 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდა. კომპანიების წმინდა მოგება 44,3 მლნ ლარია.
2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, 17 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.