ფინანსები
20/08/2020

თიბისი ახალ კადრებს ეძებს

თიბისი ბანკი ახალ კადრებს ეძებს. ახალი თანამშრომლების აყვანას ბანკი რისკების მართვის და ტექნოლოგიურ მიმართულებებზე გეგმავს.

როგორც „ბიზნესპარტნიორში“„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ განაცხადა, ეს არის პოზიციები, რომლებიც მუდმივად ორინტირებულია ახალ და საინტერესო მიმართულებაზე.

„თიბისი ბანკი არის ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ახალ ინოვაციებსა და პროდუქტებს მუდმივად სთავაზობს ბაზარს, თუმცა ბუნებრივია, ადამიანების  გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა და ადამიანის გარეშე ვერც ინოვაციაზე და ვერც ახალ პროდუქტზე ვისაუბრებთ. შესაბამისად, ჩვენ მუდმივად ვეძებთ ადამიანებს, რომელთაც სურთ განვითარება და აქვთ სურვილი  იყვნენ ჩვენი ბანკის წარმატების თანამონაწილენი“, - განაცხადა ნინო მასურაშვილმა.

კითხვაზე შეძლო თუ არა ბანკმა კადრების შენარჩუნება პანდემიის პერიოდში, ნინო მასურაშვილმა განმარტა, რომ თიბისიმ ყველა კადრი შეინარჩუნა. მისი თქმით, მენეჯმენტმა პანდემიის დროს კარგად გაიაზრა, რომ ეს არის მოკლევადიანი კრიზისი და მსოფლიო და საქართველო მას დროულად დაძლევს.

„თიბისიმ შეინარჩუნა ყველა კადრი, ძალიან სწრაფად გადაეწყო დისტანციურ მუშაობაზე და ეს პერიოდი გამოვიყენეთ თანამშრომლების განვითარებაზე სხვადასხვა ონლაინ ტრენინგების მეშვეობით. ამავდროულად წამოვიწყეთ ახალი სპეციალისტების აყვანის პროცესი როგორც ტექნოლოგიური განხრით, ასევე ბევრი სხვა მიმართულებით და ეს პროცესი ახლაც გრძელდება“, - განაცხადა „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ.

მისივე თქმით, შესაბამისი კადრების მოძიება ბაზარზე არ არის ადვილი პროცესი და საამისოდ თიბისი იყენებს, როგორც ვაკანსიების გამოცხადების ტრადიციულ გზას, ასევე ახალ შესაძლებლობებს, მათ შორის FB-სა და Linkdin-ს.

თიბისი აქცენტს ორი მიმართულებით აკეთებს, ერთი სეგმენტი კურსდამთავრებულებია, რომელთაც ბანკი ცდილობს ზრდასა და განვითარებაში დაეხმაროს, მეორე მიმართულება კი კვალიფიციური ადამიანების, კონკრეტული სფეროს ექსპერტების მოზიდვაა როგორც საბანკო ასევე სხვადასხვა სექტორიდან.

„ბევრი ვაკანსია გვაქვს რისკების  მართვის მიმართულებით, ამ სფეროში კადრებს მუდმივად ვეძებთ, რადგან რისკების პოზიციები ბანკისთვის ძალიან მნიშნელოვანია, ზოგადად აღქმა არის ასეთი რომ რისკების მიმართულება არ არის შემოქმედებითი და ინოვაციური, თუმცა ეს სრულიად მცდარი წარმოდგენაა, რადგან თანამედროვე საბანკო სექტორში რისკების მიმართულება ძალიან ინოვაციური, ციფრული პროცესია,“ - აღნიშნა ნინო მასურაშვილმა.

Businesspartner