ფინანსები
29/10/2021

TI: წელს 25-მა პარტიამ 23 მლნ-ზე მეტის შემოწირულება მიიღო

2021 წლის 1 იანვრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით 25-მა პოლიტიკურმა პარტიამ ჯამში 23 227 322 ლარის შემოწირულება მიიღო, - ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"ავრცელებს. 

არასამთავრობოს ცნობით, ყველაზე მეტი შემოწირულობა, აღნიშნული თანხის 71% "ქართულმა ოცნებამ" მიიღო (16 585 660 ლარი). მეორე იყო პარტია "ლელო საქართველოსთვის" 2 330 556 ლარით, ხოლო მესამე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2 212 912 ლარით. ყველაზე ნაკლები შემოწირულობის სამეულში გავიდნენ პარტიები: "ახალი ქრისტიან დემოკრატები" 750 ლარით, "სამართლიანობისთვის" 200 ლარით, "ერი" 100 ლარით. 

"მმართველი პარტიის შემომწირველმა იურიდიულმა პირებმა და ფიზიკურ პირ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2021 წელს ჯამში დაახლოებით 155 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერები მოიგეს და 6 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს. ამ კომპანიებმა და მათთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა შემომწირველებმა იგივე პერიოდში 3 მლნ ლარამდე გაიღეს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სასარგებლოდ",- აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" განცხადებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს იმ კომპანიების ჩამონათვალს, რომლებმაც ყველაზე მეტი ღირებულების ტენდერები მოიგეს. მათ შორის არიან:

შპს "საგზაო სამშენებლო სამმართველო №1" და შპს "საგზაო სამშენებლო სამმართველო №2", რომლებმაც წლის განმავლობაში ჯამში 23 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს, ამ კომპანიების მფლობელმა, ნუგზარ აბალაკმა და მისმა ბიზნეს პარტნიორმა, ავთანდილ კაჭკაჭიშვილმა  "ქართულ ოცნება დემოკრატიულ საქართველოს" ჯამში 45 000 ლარი შესწირეს.

შპს "ანაგი", რომელიც არაერთი მსხვილი სახელმწიფო ტენდერის გამარჯვებულია. ამ კომპანიამ 2021 წელს ჯამურად 22 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები მოიგო. "ანაგთან" დაკავშირებულმა პირმა, დავით ანდღულაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორმა გიორგი ჩიტაშვილმა მმართველ პარტიას ჯამში 110 000 ლარი შესწირეს.

შპს "არალი", რომელმაც 2021 წელს 20.6 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, ხოლო მისმა მფლობელმა, დემეტრე თათეშვილმა მმართველი პარტიის ყულაბაში 50 000 ლარი შეიტანა. 

შპს "ზიმო" ასევე მოხვდა მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორებს შორის. ამ კომპანიამ წლის განმავლობაში დაახლოებით 13.2 მლნ ლარის სახელმწიფო ტენდერი მოიგო.  

შპს "არსაკიძე-2000", რომელმაც 2021 წელს დაახლოებით 4 მლნ ლარის სახელმწიფო ტენდერები მოიგო. ამ კომპანიის მფლობელები ამავე დროს დაკავშირებული არიან შპს "ლილო-მოლთან" - მსხვილ ბიზნესჯგუფთან, რომლის პარტნიორები წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პოლიტიკური დონორები არიან. 

შპს "იბოლია", რომელმაც "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" 20 000 ლარი შესწირა. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" იმ კომპანიების ჩამონათვალსაც ავრცელებს, რომლებმაც გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს. მათ შორის არიან:

სს "რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო", რომელმაც წლის განმავლობაში 3.2 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტი მიიღო, ხოლო მისმა დირექტორმა, პაპუნა ბახტაძემ მმართველ პარტიას 55 000 ლარი შესწირა.

"უნდა აღინიშნოს, რომ ამ თანხის უდიდესი ნაწილი ერთ, 2.5 მლნ ღირებულების კონტრაქტზე მოდიოდა, რომელიც კომპანიას სსიპ-მა „ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ” „კორონავირუსის” ეპიდემიის მართვის ღონისძიებების ფარგლებში გაუფორმა", - აცხადებენ არასამთავრობოში. 

კიდევ ერთი კომპანია, რომელმაც წლის განმავლობაში დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები მიიღო შპს "ნიუ ტიფლის" იყო, რომელიც უკვე ნახსენებ შპს "არსაკიძე - 2000"-სა და შპს "ლილო-მოლთან" დაკავშირებული ბიზნესჯგუფთან არის დაკავშირებული.