TI: სახელმწიფო რწმუნებულის 9 ადმინისტრაციამ 2021 წელს ₾5.6 მლნ დახარჯა
2021 წელს სახელმწიფო რწმუნებულის 9 ადმინისტრაციამ 5.6 მლნ ლარი დახარჯა. საკითხი "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" შეისწავლა.
ორგანიზაციის კვლევით, 2021 წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში გაცემულმა შრომის ანაზღაურებამ 4 397 668 ლარი შეადგინა, რაც საერთო ხარჯების 80%-ია, ამავე დროს 100 517 ლარით მეტია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე(4 297 151 ლარი).
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში 2021 წელს დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა, ამჟამად 9 ადმინისტრაციაში 257 ადამიანია დასაქმებული, რაც 18 ერთეულით ნაკლებია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით (275 დასაქმებული).
ყველაზე მეტი - 35 ადამიანია დასაქმებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ყველაზე მცირე - 25 კი იმერეთის ადმინისტრაციაში.
2021 წელს დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით, ცხრავე ადმინისტრაციაში, ჯამში 211 220 ლარი გაიცა, რაც 145 290 ლარით მეტია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ყველაზე მეტი - 34 820 ლარი ქვემო ქართლის ადმინისტრაციაში, ყველაზე მცირე - 6 100 ლარი კი, გურიის ადმინისტრაციაში გაიცა. 2021 წელს ჯილდო, პრემია და დანამატი სახელმწიფო რწმუნებულებსა და მათ მოადგილეებს არ აუღიათ.
სახელმწიფო რწმუნებულის 9 ადმინისტრაციამ სატრანსპორტო მომსახურებაში 876 369 ლარის ხარჯი გასწია, საიდანაც 602 937 ლარი საწვავის შეძენაზე, 273 432 ლარი კი, ავტომობილების შეკეთებაზე დაიხარჯა.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციები 2021 წელს სულ 98 ავტომობილით სარგებლობდნენ. მათგან 13 ავტომობილი ამორტიზებული ან გაუმართავია. ყველაზე მეტი - 14 ავტომობილი სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის სარგებლობაშია, თუმცა 8 მათგანი ამორტიზებულია. გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ბალანსზე ერთი ტრაქტორი (ბულდოზერიც) ირიცხება. სულ ავტომობილების რეაბილიტაციაზე 2021 წელს 273 432 ლარი დაიხარჯა.
2021 წელს სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებმა 230 692 ლიტრი საწვავი გახარჯეს, რომლის 32% - 74 482 ლიტრი უშუალოდ სახელმწიფო რწმუნებულებზე მოდის. გახარჯული საწვავის ჯამური ღირებულება 602 937 ლარია. სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებს შორის ყველაზე მეტი საწვავი, წინა წლების მსგავსად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ მოიხმარა - 45 066 ლიტრი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 113 883 ლარი შეადგინა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სახელმწიფო რწმუნებულები ყოველთვიურად 400-დან 1200 ლიტრამდე საწვავს მოიხმარენ. 2021 წელს თანამდებობის პირებს შორის ყველაზე დიდი ოდენობით საწვავი (10 663 ლიტრი) სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დახარჯა.
"გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ არ მოგვაწოდა სახელობითი სია და ინფორმაცია მოქმედი და ყოფილი რწმუნებულების მიერ გახარჯული საწვავის შესახებ.
სახელმწიფო რწმუნებულების მიერ საწვავის შეძენასა და ავტომობილების შეკეთებაზე გაწეული ხარჯები იმდენად მაღალია, რომ მნიშვნელოვანია გასაჯაროვდეს, თუ რა კონკრეტული უფლებამოსილებების განხორციელებისა და მიზნებისთვის იქნა ეს თანხა გახარჯული.
აუცილებელია, საწვავისა თუ ავტომობილების არასამსახურებრივი მიზნებისთვის გამოყენების რისკების შესამცირებლად შემუშავდეს წესები, რომლითაც მკაცრად დარეგულირდება, თუ როდის და რა სახის უფლებამოსილების განხორციელებისთვის გამოიყენებენ ავტომობილებსა და შესყიდულ საწვავს", - აცხადებენ "საერთაშორისო გამჭვირვალობაში".
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა სატელეფონო კომუნიკაციებზე 2021 წელს 48 437 ლარი გახარჯეს.
ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინებებზე სამხარეო ადმინისტრაციებმა 4 491 ლარი გახარჯეს.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა 2021 წელს წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის, მათ შორის რესტორნის მომსახურებაზე, ასევე საოფისედ სასმელი პროდუქტების (წყალი, ჩაი, ყავა) შესაძენად 29 948 ლარი გაიღეს. ყველაზე მეტი, 18 889 ლარის ხარჯი იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაზე მოდის.