ფინანსები
17/05/2022

ტენდერების შედეგად მიღებული დანაზოგით ბაკურიანისთვის დამატებით ტექნიკას შეიძენენ

ბაკურიანის მუნიციპალური მომსახურების პროექტის ფარგლებში განხორციელებული დანაზოგით დამატებით ტექნიკას შეიძენენ. 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებაში ცვლილების შეტანის საკითხს.

შეთანხმების თანახმად, EBRD-ს საქართველოსთვის გამოყოფილი აქვს 5 მლნ ევროს ოდენობის სესხი ბაკურიანის მუნიციპალური მომსახურების პროექტის განსახორციელებლად. პროექტის ფარგლებში შეისყიდეს სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალება, როგორიცაა სხვადასხვა დამტვირთველები, მანქანები თოვლის გაწმენდისა და დატკეპნისთვის, უნივერსალური მრავალფუნქციური სატვირთო ავტომობილები, ევაკუატორები და 10 ერთეული ავტობუსი. ტექნიკა და დიზელზე მომუშავე ავტობუსები, შესაბამის აღჭურვილობასთან ერთად, გადაეცა ბორჯომის მუნიციპალიტეტს (დაბა ბაკურიანისთვის). 

როგორც კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, ტენდერების ფარგლებში დაიზოგა 1.6 მლნ ევრო, რომელიც ბაკურიანისთვის დამატებითი ტექნიკის შესაძენად გამოიყენება, როგორიცაა გრეიდერი, ნაგავმზიდი, ამწეკალათი, თვითმცლელი მანქანა და სხვა მსგავსი ტიპის ტექნიკა.

პროექტის სავარაუდო დასრულების თარიღია 2024 წლის 31 დეკემბერი. 

Businesspartner