თბილისის მერია საკრებულოში ₾1.5 მლრდ-იან ბიუჯეტის პროექტს წარადგენს
დედაქალაქის მერიამ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დაასრულა. უკვე განსაზღვრულია სპეციალური ტრანსფერის ოდენობაც, რომელსაც მუნიციპალიტეტი ცენტრალური ხელისუფლებისგან მიიღებს. ჯამში ეს თანხა 225 მლნ ლარს შეადგენს. ამის გათვალისწინებით, თბილისის მერია საკრებულოში მილიარდ 50 მილიონი ლარის მოცულობის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა და ცენტრალურ ხელისუფლებას, კერძოდ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.
„ჩვენ მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის ოდენობა იქნება მილიარდ 50 მლნ ლარი, რომელსაც 2021 წლის იანვარში კიდევ 50 მლნ ლარი დაემატება. საბოლოოდ, მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი იქნება მილიარდ 100 მილიონზე მეტი, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს დედაქალაქში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების წილს ბიუჯეტში. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი, ხშირად, სპეკულაციების საგანია.
„ბიუჯეტის მესამედი - 33 პროცენტი მიმართული იქნება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად. ეს არის დაახლოებით 350 მლნ ლარზე მეტი. ამ რაოდენობის თანხა არასოდეს გამოყოფილა ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამები ხელს შეუწყობს და დაეხმარება სწორედ იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა. ამ მიმართულებით ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 21 მლნ ლარით იზრდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ამავე რაოდენობის თანხა დაიხარჯება ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.
„350 მლნ ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. თქვენ იცით, რომ პანდემიის გამო შეფერხება მოგვიწია, თუმცა, იქვე აღვნიშნავდით, რომ მოგვიანებით დაიწყებოდა ამ პროექტების განხორციელება. უახლოეს პერიოდში მოგაწვდით ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა პროექტები განხორციელდება 2021 წლის ბიუჯეტით. იმედი მაქვს, რომ საკრებულოში საკმაოდ ნაყოფიერი განხილვა გვექნება და საკრებულოს მხარდაჭერა ექნება ამ ბიუჯეტს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.