TBC მიმდინარე წელს მდგრადი სესხების პორტფელის 1 მლრდ-მდე ზრდას გეგმავს
TBC-ის CEO-ს ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, 2022 წელს ბანკის მდგრადი პორტფელის მოცულობამ, 782 მლნ ლარი შეადგინა (+15.6%, y.y | 2021:676 მლნ ლარი).
მათ შორის, 571 მლნ ლარი ჰიდროელექტროსადგურების დაკრედიტებაზე მოდის, 144 მლნ ლარი ენერგოეფექტურ პროექტებზე როგორც სახლში, ისე ეკო-ავტომობილების მიმართულებით, 55 მლნ ლარი ახალგაზრდა თაობის მხარდასაჭერად განათლებასა და განვითარებაში, ხოლო 12 მლნ ლარი კი ქალთა გაძლიერების პროექტების დაფინანსებაზე მოდის.
“2022 წელს ჩვენ განვაგრძეთ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის (ESG) მიმართულებით ძალისხმევა, რაც შესაბამისი ESG სტრატეგიითაა გათვალისწინებული. განვსაზღვრეთ და მივყევით მიზნებს მდგრადი დაკრედიტების, წმინდა ნულოვანი ემისიების, კლიმატის ცვლილებების, სოციალური შესყიდვების, სამუშაო ადგილების მრავალფეროვნებისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით”, - აცხადებს ბანკის CEO და აღნიშნავს, რომ ბანკი 2023 წელს მდგრადი პორტფელის 1 მლრდ ლარამდე ზრდას გეგმავს.
ზრდას ბანკი ენერგოეფექტური პროექტების, განახლებადი ენერგიისა და რესურს ეფექტური პროექტების დაფინანსებით გეგმავს, ისევე როგორც ქალების მიერ მართული და მფლობელობაში არსებული ბიზნესების, სტარტაპებისა და იშვიათი ბიზნესების დაკრედიტებით.
შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის ფარგლებში, კომერციული ბანკებისთვის მდგრადი სესხების ერთიანი ჩარჩო განისაზღვრა, რომლის მიხედვითაც უკვე 1 იანვრიდან ბანკები მარეგულირებელს მდგრადი დაფინანსების ანგარიშს ერთიანი კლასიფიკაციით (განისაზღვრა სესხების 40-მდე კატეგორია, რომელიც მდგრად დაფინანსებაში მოიაზრება) წარუდგენენ.