TBC Capital: შესაძლოა ვალუტის დეპოზიტებზე განაკვეთები საერთოდ არც გაიზარდოს
TBC Capital-მა მთავარი ეკონომისტის განახლება გამოაქვეყნა.
პუბლიკაციის მიხედვით, ძლიერი წმინდა შემოდინებები TBC Capital–ის მოლოდინების შესაბამისია, თუმცა როგორც ეკონომისტი აღნიშნავს, საბაზო სცენარში სებ-ის მხრიდან უფრო მეტ ინტერვენციებს და შესაბამისად, ნაკლებ გამყარებას ვარაუდობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ეს სცენარი თანხვედრაშია ოთხშაბათს, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვებასთან და წლის ბოლოსაკენ მის შემცირებასთან.
როგორც სინვესტიციო ბანკი განმარტავს, იმის გათვალისწინებით, რომ საბანკო სექტორის უცხოური ვალუტის ლიკვიდობა გაიზარდა და საბანკო სექტორში ლარიზაცია პრიორიტეტად რჩება, რაც ასევე თვალსაჩინოა ადგილობრივ და უცხოურ ვალუტაში დაფიქსირებულ სპრედებს შორის განსხვავებაში, სულ მცირე წელს, შესაძლოა ვალუტის დეპოზიტებზე განაკვეთები საერთოდ არც გაიზარდოს. ამავდროულად, გადაცემა აშკარაა არარეზიდენტების მიერ ლარის სახელწიფო ფასიანი ქაღალდების ფლობის მაჩვენებელში, რომელიც დიდწილად დოლარში გაზრდილი განაკვეთის გამო ივნისში დამატებით შემცირდა.– ნათქვამია ანგარიშში.
ივნისის ეკონომიკის ზრდის წინასწარმა შეფასებამ 7.2% შეადგინა. ამასთან, წინა თვესთან შედარებით, სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, დაახლოებით 5.5%-იანი შემცირება დაფიქსირდა. ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური აქტივობის წინა პერიოდთან შედარებით შენელება მოსალოდნელი იყო. მაგალითად, მაისის სეზონურად შესწორებული მაჩვენებელი წლის დარჩენილ პერიოდში იმავე დონეზე რომ შენარჩუნებულიყო, მთელი წლის განმავლობაში რეალური ეკონომიკური ზრდა 15.7%- ს შეადგენდა.
„ამასთან, უნდა აღნიშნოს, რომ დაფიქსირებული დინამიკა, ჩვენს 12.2%-იან ზრდის სცენართან შედარებით, მაინც უფრო სუსტია. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა ინდიკატორებთან ერთად, ეს დამატებითი არგუმენტია, რომ შარშანდელის შემდეგ, წელსაც ეკონომიკის ორნიშნა ზრდის მოლოდინების მიუხედავად, მთლიანობაში ეკონომიკის გადახურება რთული დასასაბუთებელია.“–ამბობს ეკონომისტი.
გასულ კვირაში ასევე გამოქვეყნდა სესხებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების მაჩვენებლები. TBC Capital–ის მოლოდინების შესაბამისად, ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრების მიუხედავად, მნიშვნელოვანი გადაცემა ვალუტის ადგილობრივ დეპოზიტებზე არ ფიქსირდება. უფრო მეტიც, ივნისში გარკვეულ შემცირებასაც კი ჰქონდა ადგილი.