სსფ: სებ-მა საფინანსო სექტორზე პანდემიის გავლენის შესამცირებლად გადამწყვეტი ზომები მიიღო
"რეალურ ეკონომიკასა და საფინანსო სექტორზე პანდემიის გავლენის შესამცირებლად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადამწყვეტი ზომები მიიღო", - ნათქვამია გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულების შემდგომ სსფ-ის მისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ სებ-მა უზრუნველყო ბაზრისათვის ლარისა და დოლარის ლიკვიდობის მიწოდება და ფინანსთა სამინისტროსთან კოორდინაციით ხელმისაწვდომი გახადა ლარის გრძელვადიანი ლიკვიდობა.
"მივესალმებით ხელისუფლების ერთგულებას ინფლაციის თარგეთირების ჩარჩოს და მცურავი გაცვლითი კურსის მიმართ. 2020 წლის აპრილიდან დაწყებული, ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის განაკვეთი ჯამურად 100 საბაზისო პუნქტით შეამცირა და ინფლაციური მოლოდინების ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან სიახლოვეს მყარად მოსათოკად აგვისტოს შემდეგ პოლიტიკის განაკვეთს მართებულად უცვლელად ინარჩუნებს", - ნათქვამია რელიზში.
სსფ მიიჩნევს, რომ მონეტარული პოლიტიკის ამჟამინდელ მდგომარეობა უნდა შენარჩუნდეს, სანამ იმის მკაფიო ნიშნები არ გამოჩნდება, რომ ბოლოხანს ლარის გაუფასურების მიუხედავად, ინფლაცია დაღმავალ ტენდენციას ინარჩუნებს. "იმ შემთხვევაში, თუ გაცვლითი კურსზე დაწოლა ინფლაციურ მოლოდინებში გადაიზრდება, ინფლაციური მოლოდინის მოსათოკად შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გახდეს საჭირო" - ნათქვამია რელიზში.