"სსფ-ს მიმოხილვის დასრულება გზას უხსნის დონორების გამოყოფილი დახმარების მიღების გაგრძელებას"
მოხარულნი ვართ, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მიმდინარე პროგრამის კიდევ ერთი მიმოხილვის დასრულებაზე, -განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა IMF-ისსაქართველოს მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინსა და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს შორის გამართულ ვიდეოკონფერენციაზე.
სსფ-ს აღმასრულებელი საბჭოს დამტკიცების შემდეგ საქართველოსთვის დაახლოებით 112 მლნ დოლარი გახდება ხელმისაწვდომი.
"როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიამ ეკონომიკურ ტენდენციებში მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა და საქართველოში, ისევე როგორც გლობალურად, 2020 წელს მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეცესიაა მოსალოდნელი. ეს რესურსი კი სწორედ პანდემიის მიერ მიყენებული ეკონომიკური ზიანის შესამსუბუქებლად გასატარებელი აუცილებელი სოციალური-ეკონომიკური ღონისძიებების დროულად გატარების საშუალებას იძლევა, რადგანაც მიმოხილვის დასრულება გზას უხსნის დონორების მიერ გამოყოფილი დახმარების მიღების გაგრძელებას", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, ხაზგასასმელია, რომ სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და პროგრამის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების დამსახურებით, საქართველოს ეკონომიკამ ბოლო წლებში არაერთი რთული სიტუაცია დაძლია. თუმცა, გამოწვევები და, ამასთანავე, გაურკვევლობაც მაღალია, როგორც საქართველოში, ასევე გლობალურად.
ჩვენ მოხარული ვართ, რომ მისიამ ცალსახად დადებითად შეაფასა ეროვნული ბანკის მიერ რეალურ ეკონომიკასა და საფინანსო სექტორზე პანდემიის გავლენის შესამცირებლად მიღებული გადამწყვეტი ზომები.
"როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის პერიოდში, განსაკუთრებით მის საწყის ეტაპზე, ლიკვიდობის რისკების გამოვლენასთან ერთად, ეროვნულმა ბანკმა ბაზრისთვის საჭირო ლარის ლიკვიდობის მიწოდება უზრუნველყო. არსებული შოკისა და კერძო სავალუტო შემოდინებების მნიშვნელოვანი კლების ფონზე, ეროვნული ბანკი ბაზარს უცხოური ვალუტის ლიკვიდობასაც აწვდის.
შოკებთან გასამკლავებლად კვლავ აქტუალურია გაცვლითი კურსის მოქნილობა. თუმცა, ამავდროულად, ფასების სტაბილურობის მანდატის ფარგლებში - ლარის გადაჭარბებული მერყეობების შესარბილებლად და სავალუტო ბაზრისთვის ლიკვიდობის მისაწოდებლად - ამ პერიოდში სავალუტო ინტერვენციებს აქტიურად ვიყენებთ", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა კვლავ ფრთხილი და გარემო პირობებზე მორგებული რჩება იმისათვის, რომ ინფლაციური მოლოდინების რისკების გათვალისწინებით საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივ დონეზე დაბრუნება უზრუნველყოს.
"მსგავსი უპრეცედენტო შოკის პირობებში ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენის შესარბილებლად, ფინანსურ სექტორს განსაკუთრებული როლი ენიჭება. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ჯანსაღი დაკრედიტება. ამ მიმართულებით კი ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. როგორც ცნობილია, ეკონომიკის დაფინანსების მხარდასაჭერად კაპიტალისა და ლიკვიდობის ბუფერები გამოთავისუფლდა. ეს კი იმის დამსახურებაა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ფინანსური სექტორის სტაბილურობის ჩარჩო, ზედამხედველობა და რეგულირება თანმიმდევრულად უმჯობესდებოდა, რამაც საბანკო სექტორს შოკებთან გამკლავების უკეთესი უნარი და ფინანსური შუამავლობის გაგრძელების საშუალება მისცა", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.