Space გერმანიაში ექსპანსიის საკითხს 2021 წელს დაუბრუნდება
პირველი ციფრული ბანკი Space-ის გერმანიაში ექსპანსიის გადაწყვეტილებას 2021 წლის მესამე კვარტალში დაუბრუნდება.
როგორც Space-ის CEO ლაშა გურგენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კომპანია გერმანიაში კომერციული ოპერირების დაწყებას 2020 წლის ბოლოსთვის გეგმავდა, თუმცა პანდემიის გამო პროცესი გადაიდო.
გურგენიძის ინფორმაციით, ამისთვის ტექნიკური და ორგანიზაციული მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა.
“ამ სამუშაოების შედეგეად შევძელით, რომ პირველი რეალური მომხამრებელი დაგვერეგისტრირებინა სფეისის პლატფორმის გამოყენებით და დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენი ტექნოლოგიური კონცეფცია სწორია და შესაძლებელია მისი მომოვალი განვითარება და ევროპის ბაზარზე გამოყენება.
რაც შეეხება კომერციული ოპერაციების დაწყებას, ვფიქრობთ, ამ გადაწყვეტილებას არსებული მდგომარეობის საფუძველზე მივიღებთ,“ - აცხადებს გურგენიძე.
მისივე განმარტებით, ამჟამად Space უზბეკეთშია წამოდგენილი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გეოგრაფიული ზრდა ორგანიზაციისთვის ახალ გამოწვევებს წარმოშობს. შესაბამისად, როგორც გურგენიძე აღნიშნავს, ერთი მხრივ უნდა გაგრძელდეს ახალი ბაზრების ათვისება და მეორე მხრივ, უკვე უნდა მოხდეს დამკვიდრებულ ქვეყნებში პოზიციების შენარჩუნება და განვითარება.
“თუ 2020-ში მეტად ვიყავით კონცენტრირებულები პირველ მიზანზე, 2021-ში შევძლებთ, რომ ინოვაციური პროდუქტებით კვლავ გავაოცოთ ადგილობრივი მომხმარებელი.
წელს პირველად გავიდა Space-ი საქართველოს ფარგლებს გარეთ, კერძოდ უზბეკეთში. ხშირად ვუსვამთ ხაზს იმას, რომ Space-ი არის ინოვაციური ბანკინგის ლაბორატორია, რაც გულისხმობს მუდმივ ექსპერიმენტებს და ამ ექსპერიმენტების წარმატებული შედეგების სხვადასხვა ქვეყანაში გადატანას და განხორციელებას. სწორედ ამიტომ გეოგრაფიული ექსპანსია Space-ის სტრატეგიის უდიდესი ნაწილია და იმედი გვაქვს ძალიან მალე, უზბეკეთს სხვა ქვეყნებიც შეუერთდება,“ - აცხადებს ლაშა გურგენიძე.
Space პირველი ქართული სრულად ციფრული ბანკია, რომელიც მომხმარებელს ყოველდღიური საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების სრულ პაკეტსა და ინოვაციურ მიდგომებს სთავაზობს.